30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ დიაგნოზის მქონე 164 მოქალაქის მკურნალობა ფინანსდება.
„თბილისის მერია, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, ძვირადღირებულ მედიკამენტებს და მაღალტექნოლოგიურ კვლევებს 164 მოქალაქეს უფინანსებს. მერიამ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის 2020 წლიდან მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსება დაიწყო, ხოლო 2022 წლიდან, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის (ქიმიური აგენტის დახმარებით) დაფინანსებასაც უზრუნველყოფს.
ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში 25 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა. თბილისის მერიის მიერ აღნიშნული პროგრამის დაწყებით, გაფანტული სკლეროზის მქონე პირების საწოლს ან ეტლს მიჯაჭვულობისგან დახსნა გახდა შესაძლებელი. უფრო მეტიც, მკურნალობის შედეგად, მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართვა შეუძლიათ,“ – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აჭარისა და თბილისის გარდა, სხვა რეგიონებში მცხოვრებ, იგივე დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის მკურნალობის დაფინანსების პროგრამა ამ დრომდე არ ამოქმედებულა, რაც, პაციენტებისა და ექიმების შეფასებით, დისკრიმინაციული მიდგომაა.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 1 აგვისტოს №403 დადგენილებაში („2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) ჩაიწერა, რომ სახელმწიფო პროგრამებს დაემატა „18-იდან 60 წლის ასაკის ჩათვლით გაფანტული სკლეროზით დაავადებულთათვის (გარდა ქ, თბილისსა და აჭარის ა/რ–ში რეგისტრირებული პირებისა) სპეციფიკური მამოდიფიცირებელი მედიკამენტების შესყიდვა.
თუმცა პაციენტებს ანღნიშნული მედიკამენტი ამ დრომდე არ მიუღიათ.
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. ამ საკმაოდ რთულ დაავადებას სიმძიმეს მატებს ის, რომ პირველი სიმპტომები უმეტესად ახალგაზრდა ადამიანებში, 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდებში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. შესაძლოა პაციენტმა დაკარგოს ან შეეზღუდოს სიარულის ან საუბრის უნარი, მხედველობა. ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერისა და ოჯახის დაგეგმვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, ძირითადად იმაზე უწევთ ზრუნვა, როგორ მოიპოვონ მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრები, რათა დაავადება არ პროგრესირდეთ. პაციენტებმა იციან, რომ დროული მკურნალობის ფონზე მათ მიეცემათ შესაძლებლება დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში.