მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ქვეყანას ორგანოთა გადანერგვის შესახებ ევროპული კანონი ექნება – ამ მიზნით 2024 წელს ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყოფა

ქვეყანას ორგანოთა გადანერგვის შესახებ ევროპული კანონი ექნება – ამ მიზნით 2024 წელს ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი გამოიყოფა

საქართველო ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ ახალი კანონპროექტის მიღებაზე იწყებს მუშაობას, რაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად ხორციელდება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დღითი დღე იზრდება ორგანო გადანერგილი ადამიანების რაოდენობა, ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ორგანოს გადანერგვით მკურნალობაზე წვდომა ოპტიმალურზე ბევრად დაბალია.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ საქართველოში ამ დრომდე არ განხორციელებულა გულის და ფილტვის გადანერგვის ოპერაციები. თირკმლის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციები 2021 წლის მონაცემებით 30-ს შეადგენს, რაც 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10-ზე ნაკლებია. ევროპის ბევრ ქვეყანაში ტრანსპლანტაციების რაოდენობა 1 მილიონ მოსახლეზე 80-ს აღემატება (მაგ. ესპანეთი, ხორვატია, პორტუგალია, ბელგია, ავსტრია და სხვ.). კანონპროექტის ავტორთა თქმით, ტრანსპლანტაციის საჭიროებების დაკმაყოფილება მნიშვნელოვნად შეამცირებს ტერმინალური დაავადებების მქონე პაციენტების სიკვდილის რისკს და გაზრდის სიცოცხლის ხარისხს და გადარჩენის მაჩვენებელს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოში ტრანსპლანტაციის დაბალი მაჩვენებელი ნაწილობრივ დონორების ნაკლებობით, ხოლო ნაწილობრივ ტრანსპლანტაციის საკანონმდებლო ჩარჩოს არასრულფასოვნებით და ამასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაკლოვანებებით შეიძლება აიხსნას.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონი „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ იძლევა გარდაცვალების შემდეგ დონაციის შესაძლებლობას, ეს მეთოდი პრაქტიკაში დანერგილი არ არის.

ევროპის რეგიონის ბევრ ქვეყანაში ტრანსპლანტაციის ოპერაციების დიდი ნაწილი გარდაცვალების შემდგომი დონაციაზე მოდის. სათანადო ეთიკური, სამართლებრივი და კლინიკური ასპექტების დაცვის პირობებში, გარდაცვალების შემდგომი დონაციით გაცილებით მეტი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი.

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი მიღებულ იქნა 2000 წელს და იგი აღარ შეესაბამება არსებულ რეალობას და ვეღარ ემსახურება ადამიანის ორგანოების გადანერგვის სისტემის ფუნქციონირების მიზანს,“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მოქმედი კანონით არ არის განმარტებული ბევრი ის ტერმინი, რომლებიც მნიშვნელოვანია გადანერგვის სფეროში. მოქმედი კანონი, კანონპროექტისაგან განსხვავებით, არაფერს ამბობს გადანერგვის ისეთ პრინციპებზე, როგორებიცაა უანგარობა, ფინანსური სარგებლის მიღების აკრძალვა, რეკლამის აკრძალვა, გადანერგვით მკურნალობის თანაბარი ხელმისაწვდომობა, ადამიანის ორგანოების მოპოვების და გადანერგვის პროცესის ხარისხიანობა და უსაფრთხოება, ორგანოების სამართლიანი განაწილება და ა.შ.

მოქმედ კანონში არ არის სათანადოდ გაწერილი ადამიანის ორგანოების (მათ შორის, ადამიანის ორგანოების მოპოვებასთან, პრეზერვაციასთან, შეფუთვასთან, მარკირებასთან, ტრანსპორტირებასთან) ხარისხსა და უსაფრთხოებასთან, სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების მონიტორინგთან და ანგარიშგებასთან, მიკვლევადობასთან, გადანერგვის სფეროში ჩართული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის განათლებასა და სწავლებასთან, გადანერგვის სისტემის მართვასთან (მათ შორის, ლიცენზირებასთან და ინსპექტირებასთან) დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები. ამასთანავე, კანონით არ არის განსაზღვრული ადამიანის ორგანოების გადანერგვის სფეროში არსებულ სამართალდარღვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმები.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღების შედეგად, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები, განისაზღვრება დონორისა და რეციპიენტის უფლებები. კანონპროექტი დაადგენს ადამიანის ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს, უზრუნველყოფს მიკვლევადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი მექანიზმის შექმნას, მოაწესრიგებს გადანერგვის სფეროს მართვასთან, მათ შორის, ინსპექტირებასთან, ლიცენზირებასთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ცოცხალი დონორისაგან ორგანოს ამოღება შესაძლებელი იქნება იმ რეციპიენტის სასარგებლოდ, რომელთანაც დონორი ნათესაურ კავშირში ან ახლო პირად ურთიერთობაში (ემოციურ კავშირში) იქნება. აღნიშნული მუხლი ადგენს ნათესაურ კავშირში და ახლო პირად ურთიერთობაში (ემოციურ კავშირში) მყოფ პირთა წრეს და აწესრიგებს დონორისა და რეციპიენტის ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

კანონპროექტის თანახმად, ყველა ცოცხალი დონაცია უნდა ჩატარდეს ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობით, ხოლო მე-20 მუხლის მიხედვით, ორგანოს დონაციამდე დონორმა საერთო სასამართლოს უფლებამოსილი ორგანოს წინაშე უნდა წარადგინოს ორგანოს ნებაყოფლობითი და უანგარო დონაციის შესახებ წერილობითი განაცხადი და ცოცხალი დონაციის კომისიის სათანადო თანხმობა.გარდაცვლილი პირისაგან ორგანოს მოპოვება კი დასაშვებია მხოლოდ სხვა პირისათვის გადანერგვის მიზნით, მისი გარდაცვალების ფაქტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით დადგენისა და გამოცხადების შემდეგ, ეთიკური მოთხოვნების, სამეცნიერო მიღწევებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.

კანონპროექტი ადგენს გარდაცვალების ფაქტის დადგენის მექანიზმის სამართლებრივ საფუძველს, ასევე აწესრიგებს გარდაუვალი სიკვდილის (ტვინის სიკვდილის) შესახებ შეტყობინებასთან, ხოლო 26-ე მუხლი – ორგანოს პოტენციური დონორის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოს სრულფასოვნად ამუშავებისთვის, 2024 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს 16 ახალი თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისათვის წელიწადში დაახლოებით 576 444.0 ლარი.

2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა 2 042 444.0 ლარია, ხოლო 2025-2027 წლებში მიმდინარე ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი საპროგნოზო თანხა არის 4 126 577.0 ლარი.

ასევე გათვალისწინებულია ელექტრონული სისტემების შეძენა, რათა მომზადდეს ერთიანი ეროვნული რეესტრი, ცოცხალი დონორების რეესტრი, ორგანოს რეციპიენტთა მონაცემების ბაზა, ქსოვილთა ბანკის რეესტრი. აღნიშნულის ხარჯი მილიონ ლარს შეადგენს.

 

იხილეთ ასევე

კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტზე მუშაობა განახლდა

ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი, რომლის განხორციელება ჩინურ მხარესთან ერთად კახეთში იგეგმებოდა, შეფერხების მიუხედავად განახლდება. ამის …