მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » კლინიკებს ტრანსპლანტაციის კუთხით სარეკლამო შეზღუდვები დაუწესდებათ

კლინიკებს ტრანსპლანტაციის კუთხით სარეკლამო შეზღუდვები დაუწესდებათ

კლინიკების მხრიდან იყო გულისწყვეტა, რომ ტრანსპლანტაციის კუთხით მათი საქმიანობის რეკლამირება შეიზღუდება, თუმცა აქ საუბარია მხოლოდ პირდაპირი რეკლამირების შეზღუდვაზე და არა ტრანსპლანტაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებულობაზე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ორგანოთა გადანერგვის შესახებ ახალ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„იყო გულისწყვეტა, რომ დაწესებულება, რომელიც ასეთ მაღალტექნოლოგიურ საქმიანობას ახორციელებს,  რატომ არ შეიძლება საუბრობდეს მისი საქმიანობის შესახებ. აქ არ იზღუდება საუბარი, მაგრამ იზღუდება პირდაპირი რეკლამირება მოსახლეობასთან ან იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კონკრეტულ დაწესებულებაში შეიძლება მოხდეს ორგანოს მოპოვება ან შეიძლება ვიღაცა ვიღაცას დაეხმაროს დონორის მოძიებაში. ამ ტიპის კომუნიკაცია იკრძალება, თორემ საგანმანათლებლო საქმიანობა და ის, რომ დონაცია ღირსეული საქმეა და ერთმა ადანმიანმა შესაძლოა ამ გზით მეორე ადამიანის სიცოცხლე იხსნას, ეს მნიშვნელოვანია და ამის პრომოცია ყველა დონეზე უნდა მოხდეს,“- აღნიშნა გაბუნიამ.

მისი განმარტებით, კანონმდებლობით დაშვებულია მხოლოდ უანგარო დონაციის ხელშეწყობა და საინფორმაციო საგანმანათლებლო საქმიანობა.

მისივე თქმით,  ახალი კანონონპროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროში ტრანსპლანტაციის სამმართველოს შექმნას, რომელშიც 16 ადამიანი დასაქმდება. სწორედ ეს სამმართველო წარმართავს ორგანიზაციულ პროცესებს ორგანოთა გადანერგვის მიმართულებით.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საინფორმაციო სისტემების მართვა ემყარება ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე უზრუნველყოფს მომლოდინეთა სიის მართვას. მისი განმარტებით, ნახევარი მილიონი ლარი ადამიანური რესურსისთვისაა განკუთვნილი, 300 ათას ლარამდე კი – სისტემის დაინსტალირებისთვის, ამ ინვესტიციას სახელმწიფო განახორციელებს.

ცნობისთვის: „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი მიღებულ იქნა 2000 წელს. ამიტომ დღის წესრიგში დადგა ახალი კანონმდებლობის შემუშავება, რომელიც ევროდირექტივების შესაბამისი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, ყველა ცოცხალი დონაცია უნდა ჩატარდეს ცოცხალი დონაციის კომისიის თანხმობით, ხოლო მე-20 მუხლის მიხედვით, ორგანოს დონაციამდე დონორმა საერთო სასამართლოს უფლებამოსილი ორგანოს წინაშე უნდა წარადგინოს ორგანოს ნებაყოფლობითი და უანგარო დონაციის შესახებ წერილობითი განაცხადი და ცოცხალი დონაციის კომისიის სათანადო თანხმობა.გარდაცვლილი პირისაგან ორგანოს მოპოვება კი დასაშვებია მხოლოდ სხვა პირისათვის გადანერგვის მიზნით, მისი გარდაცვალების ფაქტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესით დადგენისა და გამოცხადების შემდეგ, ეთიკური მოთხოვნების, სამეცნიერო მიღწევებისა და საყოველთაოდ აღიარებული სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისად.

კანონპროექტი ადგენს გარდაცვალების ფაქტის დადგენის მექანიზმის სამართლებრივ საფუძველს, ასევე აწესრიგებს გარდაუვალი სიკვდილის (ტვინის სიკვდილის) შესახებ შეტყობინებასთან, ხოლო 26-ე მუხლი – ორგანოს პოტენციური დონორის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კანონპროექტის მიღების ერთერთი შედეგი ქვეყანაში გვამური დონაციის დაწყება უნდა იყოს, რომლის პრაქტიკაც, მოქმედ კანონში არსებული დაშვების მიუხედავად, ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს.

იხილეთ ასევე

ერთ წელიწადში ამბულატორიული სერვისები 11 პროცენტით, საავადმყოფოების მომსახურება კი 7.6 პროცენტით გაძვირდა

მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. …