მიმდინარე წლის მარტთან შედარებით, აპრილში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 0.9 პროცენტით გაიზარდა. მონაცემებს საქსტატი ავრცელებს.
სტატისტიკის თანახმად, ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (1.1 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (1.0 პროცენტი).
ზოგადად კი, 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება შედარებას წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, საქსტატის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6 პროცენტი).
ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-8.1 პროცენტი)
წინა პერიოდში სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფზე ფასების კლება ფიქსირდებოდა. მაგალითად, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ფასების კლებამ 8.1 პროცენტი შეადგინა, რაც, ექსპერტების ვარაუდით, რეფერენტული ფასების დაწესებასა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად თურქეთიდან დაბალფასიანი მედიკამენტების იმპორტის დაწყებას უკავშირდება. აპრილში კი უკვე ამ ჯგუფში ფასების ზრდა მივიღეთ.