მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » სამინისტრო რეანიმაციის სტანდარტების ამოქმედების ვადებს არ ცვლის – კლინიკებში საწოლების დეფიციტის საფრთხეზე საუბრობენ
სენაკსა და თელავში აშენდება 30-საწოლიანი ფსიქიატრიული საავადმყოფოები, რომლებსაც ექნება კრიზისული ინტერვენციის, რეაბილიტაციისა და ამბულატორიული განყოფილებები

სამინისტრო რეანიმაციის სტანდარტების ამოქმედების ვადებს არ ცვლის – კლინიკებში საწოლების დეფიციტის საფრთხეზე საუბრობენ

რეანიმაციისა და ქირურგიის სტანდარტების ამოქმედების ვადების გადაწევის თხოვნაზე ჯანდაცვის ასოციაციამ სამინისტროსგან უარი მიიღო. უწყების მიერ კლინიკებისთვის მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ რეგულაციები იმავე ვადებში ამოქმედდება, რაც მანამდე იყო გაცხადებული. საუბარია 2023 წლის სექტემბერზე.

ამის შესახებ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა jandacva.ge-ს განუცხადა. მისი თქმით, ასეთი მცირე ვადების გამო შესაძლოა დადგეს რეანიმაციული საწოლების დეფიციტის რისკი პირველ რიგში რეგიონებში, თუმცა მსგავსი საფრთხეებისგან არც დიდი ქალაქების კლინიკები არიან დაზღვეული.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სტანდარტები ეფუძნებოდეს გარკვეულ მტკიცებულებებს. მაგალითად, თუ სუნთქვის აპარატი გამართულია და ყველანაირ პირობას აკმაყოფილებს, რატომ უნდა მოეთხოვოს კლინიკას დამატებითი აპარატი და აღჭურვილობა? საერთაშორისო გამოცდილებით, ასეთ სტანდარტებს იმ კლინიკებისგან ითხოვენ, რომლებიც ახლა შენდება და არა არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს. საერთი მხარეა ინვესტიციები, მეორე კი ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კლინიკებში უნდა წარიმართოს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც გარკვეულ რესურსს მოითხოვს – ესაა ამ დარგის სპეციალისტები, ხელოსნები და ა.შ. გარდა ამისა, პრობლემაა ექთნების ის რაოდენობა, რომელსაც ჩვენგან ახალი რეგულაციები ითხოვს. ამდენი ექთანი ქვეყანაში ფიზიკურად არ არსებობს,“ – განაცხადა მაია მახარაშვილმა.

მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც სამინისტრო რეგულაციის ამოქმედების ვადების შეცვლაზე  უარს აცხადებს, კლინიკები ცდილობენ, საკუთარი ინფრასტრუქტურა და აპარატურა ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში სექტემბრამდე მოიყვანონ, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ შეძლებს. მახარაშვილს არ აქვს კონკრეტული ციფრები, თუ რა ნაწილს გაუჭირდება რეგულაციების მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რამდენი დაწესებულება ვერ შეძლებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას და სად შეიქმნება საწოლების დეფიციტი. დეფიციტის საფრთხე კი, მისი თქმით, რეალურია, რადგან კლინიკების ნაწილი სტანდარტების დაკმაყოფილებას სწორედ საწოლების მოკლების გზით შეეცდება. მეორე რისკი კი ისაა, რომ კლინიკების ნაწილი – პირობითად 20 ან 25% გაეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რადგან ახალ კრიტერიუმებს ვერ დააკმაყოფილებს.

ჯანდაცვის ასოციაციაში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურის გარდა, ასევე რთული იქნება რეანიმატოლოგებისა და ექთნების იმ რაოდენობით ზრდა, რასაც ახალი სტანდარტი მოითხოვს. ძველი კლინიკებისთვის კი  პრობლემაა ინფრასტრუქტურის განახლებაც, რადგან ეს პროცესი  პაციენტების მიღების პარალელურად უნდა წარიმართოს.

კითხვაზე – რამდენად რეალურია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში სამედიცინო სერვისების შეფერხების რისკზე რეაგირება არ მოახდინოს ან რა სახის შეიძლება იყოს ეს რეაგირება, მაია მახარაშვილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ კერძო კლინიკები მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა რეგულაციები დააკმაყოფილონ.

იმის არგუმენტად, რომ რეგულაციების ნაწილს სამედიცინო სერვისის ხარისხთან კავშირი არ აქვს, მაია მახარაშვილს მოჰყავს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აკრედიტაციის გამცემმა საერთაშორისო ორგანომ დაადასტურა კონკრეტული კლინიკის ქირურგიისა და რეანიმაციის განყოფილებების შესაბამისობა საერთაშირისო სტანდარტებთან, თუმცა ქირურგია-რეანიმაციის ადგილობრივი სტანდარტებს ეს განყოფილებები არ აკმაყოფილებს.

ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენლის თქმით, რადგან სამინისტრო პოზიციას არ იცვლის, ამ ეტაპზე ამ საკითხზე კომუნიკაცია არაა, თუმცა თუკი პრობლემები შეიქმნება, შესაძლოა საკითხი კვლავ დადგეს დღის წესრიგში.

„ჩვენ გვსურს პარტნიორული და სამედიცინო ხარისხზე ორიენტირებული თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინიტროსგან,“ – განაცხადა მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

ქირურგიის სტანდარტების თანახმად, სტაციონარის ნებართვა არ გაიცემა დაწესებულებაზე, რომელიც განთავსებული იქნება საცხოვრებელ შენობაში. დეპარტამენტში არანაკლებ 5 ქირურგიული საწოლი უნდა იყოს. პალატაში გათვალისწინებული უნდა იქნას საწოლის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ქირურგიული ერთეულის ყველა ექიმი-სპეციალისტი  უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 30 ქულას.

 

იხილეთ ასევე

ზურაბ აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

„დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა“, – …