DRG მოდელი, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტურობას. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული, რომელიც Galt & Taggart-მა წარმოადგინა.
“საქართველოს მთავრობამ 2023 წლის იანვრიდან საყოველთაო დაფინანსების ახალი მოდელი – დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები (DRG) შემოიღო. DRG მოდელი ანაზღაურებას პაციენტის დიაგნოზისა და თანმდევი ფაქტორების (მაგ. ასაკი, სქესი, ჯანმრთელობის გართულებები და ა.შ.) გათვალისწინებით განსაზღვრავს. ახალი მოდელი, სავარაუდოდ, გააუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ხარჯთეფექტურობას,” – ნათქვამია კვლევაში.
სისტემის უპირატესობებს შორის დასახელებულია: ხელს უწყობს ჰოსპიტლებს შორის ჯანსაღ კონკურენციას – ახალ კლინიკებს აღარ ექნებათ უპირატესობა ტარიფებში; საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია სექტორის მომგებიანობის ზრდა მთავრობის მხრიდან დაფინანსების ზრდისა და სექტორის კონსოლიდაციის ხარჯზე; დინამიური ტარიფები, რომლებიც რეალურ დროში მიჰყვებიან გაზრდილ/შემცირებულ ფასებს.
რაც შეეხება რისკებს, ესენია:
ხარისხის არასაკმარისი კონტროლის პირობებში, თუ ხარჯების შემცირების მოტივაცია მაღალი იქნება, DRG-მ შესაძლოა შეამციროს პაციენტზე ზრუნვის ხარისხი; შესაძლოა არ შექმნას საკმარისი მოტივაცია ჯანდაცვის სფეროში ახალი ტექნოლოგიების შემოტანის ნაწილში; შესაძლოა შექმნას დეფიციტი გარკვეულ სერვისებზე.