მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » კლინიკები პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვენ

კლინიკები პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვენ

კლინიკები პაციენტის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული სანქციების შემსუბუქებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით ისინი ჯანდაცვის სამინისტროს რამდენიმე თვეა მიმართავენ.

საუბარია გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედებულ რეგულაციაზე, რომლის თანახმად, შეიქმნა სპეციალური პორტალი და ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს დაევალათ, ამ ელექტრონულ პლატფორმაზე მიუთითონ, შეუძლიათ თუ არა მიმდინარე ეტაპზე ამა თუ იმ ჩვენების მქონე პაციენტების მიღება.

როგორც ჯანდაცვის ასოციაციაში განმარტავენ, განსაზღვრულია გეოგრაფიული არეალები იმ კლინიკების გარშემო, სადაც ამ არეალში მყოფი პაციენტების ჰოსპიტალიზაცია უნდა მოხდეს. ამასთან, კლინიკები ელექტრონულ პორტალზე მუდმივად უნდა აახლებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი პაციენტის მიღება შეუძლიათ იმ მომენტში. მაგალითად, ამ პორტალზე უნდა ჩანდეს, თუ რომელიმე კლინიკას რეანიმაციაში თავისუფალი ადგილი არ აქვს, ან გაუფუჭდა „კატეს“ აპარატი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ამ ინფორმაციას ხედავს და პაციენტსაც ასეთ კლინიკაში არ გადაამისამართებს.

რაც შეეხება სანქციას, ის მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა კლინიკას ამა თუ იმ მიზეზით არ აქვს პაციენტის მიღების შესაძლებლობა, თუმცა ეს მონაცემი ელექტრონულ პლატფორმაზე არ აქვს დაფიქსირებული. ანუ მას ბაზაში „ფანჯარა“ ღია აქვს, მიყვანილ პაციენტს კი ჰოსპიტალიზაციაზე უარს ეუბნება.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ სანქციები მკაცრია, რადგან გასათვალისწინებელია ადამიანური ფაქტორი – შესაძლოა კლინიკის წარმომადგენელმა დროულად ვერ შეიტანა ინფორმაცია, ან არსებული პაციენტი დამძიმდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს, ბაზაში კი ამის დაფიქსირება ვერ მოესწრო და ჩანს, რომ რეანიმაციაში თავისუფალი ადგილია.

ასეთი სახის მესამე დარღვევაზე კლინიკას ჰოსპიტალიზაციის უფლება ერთი წლით უჩერდება, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის სერიოზული პრობლემაა. თანაც არაა  განსაზღვრული პერიოდი, რომელშიც დარღვევების რაოდენობა ითვლება. ანუ მაგალითად, 5 წლის განმავლობაში რომ სამი ასეთი დარღვევა დაფიქსირდეს, ამის გამო ერთი წლით კლინიკისთვის ჰოსპიტალიზაციის უფლების ჩამორთმევა, ასოციაციის პოზიციით, ძალიან მკაცრი სანქციაა.

აღნიშნული საკითხი იყო ერთერთი განსახილველი თემა 17 მაისს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ, “ჯანდაცვის ასოციაციის” და სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე.

„შეხვედრაზე ასოციაციის მხრიდან საუბარი იყო სამედიცინო დაწესებულებებისთვის სანქციების შეფარდების შემსუბუქებაზე, რომელიც წესდება ჰოსპიტალიზაციის სქემაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებების მიერ, აქტიური სამედიცინო და კვლევით-ლაბორატორიული სერვისის მიწოდების პერიოდში, შესაბამისი დიაგნოზის მქონე პაციენტის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში,“ – აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

იხილეთ ასევე

ზურაბ აზარაშვილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

„დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა“, – …