მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » მარინა ჯავახიშვილი: ოჯახის ექიმს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს
მარინა ჯავახიშვილი ასახელებს ძირითად საკითხებს რომელთა მოგვარებაც საჭიროა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი გამართულად და სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს.

მარინა ჯავახიშვილი: ოჯახის ექიმს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს

ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი რგოლის რეფორმირებას გეგმავს. ამ რგოლის გაძლიერების პრიორიტეტულობა გამოიკვეთა „კურაციოს“ კვლევებითა და სოციოლოგიური გამოკითხვით -„რა გაწუხებთ?“.

უფრო კონკრეტულად, პირველადი რგოლის რეფორმირების აუცილებლობა გამოკითხვის შუალედური შედეგების მთავარ პრიორიტეტად დასახელდა.

პირველადი რგოლის მნიშვნელობაზე და მისი განვითარების აუცილებლობაზე ოჯახის ექიმი მარინა ჯავახიშვილი გვესაუბრა:

„პირველადი რგოლის გამართული მუშაობა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ აქ ხდება პაციენტების პირველადი გასინჯვა, დაკვალიანება, რა სჭირდება, რა გამოკვლევაა ჩასატარებელი და ასე შემდეგ. ჩვენ გარეშე ჯანდაცვის სისტემის ჯაჭვი ვერ შედგება, დასაწყისი სწორედ პირველადი ჯანდაცვაა. ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით ვიკვლევთ პაციენტს და შემდეგ ვამისამართებთ ვიწრო სპეციალისტებთან. თუ მისი მკურნალობა ჩვენ შესაძლებლობებს და კომპეტენციას არ აღემატება, თავად ვეხმარებით.

თანაც, პირველადი რგოლი, სხვებთან შედარებით, გაცილებით იაფია.როდესაც  ექიმს  მუდმივ კონტროლზე ჰყავს პაციენტი, არ გამოეპარება ავადმყოფობის მცირე სიმპტომიც კი. ამიტომ დაავადების მკურნალობა ხდება საწყის ეტაპზევე და აღარ მიმდინარეობს რთულად. ბუნებრივია,საწყის ეტაპზე დაავადების მკურნალობა გაცილებით იაფია. განსაკუთრებული დატვირთვა, ამ თვალსაზრისით, სოფლის ექიმებზე მოდის, რადგან სოფლის ყველა მცხოვრები პირველ რიგში მათ აკითხავს“.

მედიკოსი ასახელებს იმ ძირითად საკითხებს და პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც საჭიროა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი გამართულად და სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს:

„უპირველეს ყოვლისა, უნდა მოწესრიგდეს ექიმთა ანაზღაურების საკითხი. იმ თანხაში, რომელიც სოფლის ექიმის ერიცხება, შედის ხარჯიც, იქნება ეს გზის, ადმინისტრაციული, წამლის, თუ ასე შემდეგ. სასურველია, რომ ხელფასი ირიცხებოდეს ცალკე. ექიმის ხელფასი იმდენი უნდა იყოს, რომ მოტივაცია ჰქონდეს და სხვა შემოსავალზე არ ფიქრობდეს.

ხელფასის შემდეგ, უმნიშვნელოვანესია ინვენტარი, რადგან რა ხელფასიც უნდა ჰქონდეს ექიმს, ცარიელი ხელით პაციენტს ვერ უმკურნალებს. ტრანსპორტის პრობლემაც მოსაგვარებელია, რადგან სოფლის ექიმებს კილომეტრების გავლა გვიწევს ფეხით, რომ ავადმყოფამდე მივაღწიოთ. თუმცა, არის სოფლები, სადაც ექიმებს ადგილობრივი მთავრობა ეხმარება ამ კუთხით“.

მან, ასევე, ისაუბრა პაციენტის მკურნალობის საქმეში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის როლზე:

„ექიმთან მისვლას აზრი არ აქვს, თუ პაციენტმა დანიშნულება არ შეასრულა და წამლები არ მიიღო. ამიტომ სასურველია, მედიკამენტების მცირე ნაწილი მაინც, თუნდაც პირველადი მოხმარების, ან ქრონიკული ავადმყოფებისათვის, იყოს უფასო, ან არსებობდეს გარკვეული შეღავათები“, – მიიჩნევს მარინა ჯავახიშვილი.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …