მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ზვიად ტომარაძე: კარგია, რომ პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს სათანადო ყურადღება მიექცევა და პრევენციული მედიცინა განვითარდება
ზვიად ტომარაძე ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას მიესალმება, თუმცა ეჭვობს, რამდენად გასწვდება სახელმწიფოს ბიუჯეტი დამატებით ხარჯებს.

ზვიად ტომარაძე: კარგია, რომ პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს სათანადო ყურადღება მიექცევა და პრევენციული მედიცინა განვითარდება

თბილისი (BPI) – „დემოგრაფიული განვითარების ფონდის“ დირექტორი ზვიად ტომარაძე ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას მიესალმება, თუმცა ეჭვობს, რამდენად გასწვდება სახელმწიფოს ბიუჯეტი დამატებით ხარჯებს.

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი უწყება, თუ ერთადერთი არა, რომელიც საქმეს აკეთებს.

ჩემთვის მისაღებია და ვეთანხმები იმას, რომ ჯანდაცვის სისტემა საჭიროებს პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას. კარგია, რომ პოლიკლინიკებს და ამბულატორიებს სათანადო ყურადღება მიექცევა და პრევენციული მედიცინა განვითარდება.

უბრალოდ, ვშიშობ, რამდენად შეძლებს სახელმწიფო ამ უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისას ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, თუ გასწვდება ამას ქვეყნის ბიუჯეტი“, – აცხადებს ტომარაძე.

„გარდა ამისა, მხოლოდ მისასალმებელი იქნება, თუ რეფორმის დაგეგმვისას გაითვალისწინებენ და ჩართავენ მასში მედიკამენტურ პროგრამას, რომ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის მაინც მედიკამენტებით უზრუნველყოფა იყოს უფასო.

თუმცა, აქაც აღვნიშნავ, თუ რამდენად გასწვდება ამ ხარჯებს ბიუჯეტი. რამდენად შესაძლებელი იქნება რომ ჯერ გატარდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა და შემდეგ კიდევ მეტად სოციალურად დაიტვირთოს.

თუ არის ამის შესაძლებლობა ეკონომიკურად, რასაკვირველია, ეს ძალიან კარგი იქნება, რადგან მოსახლეობაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია და უმრავლესობას არ აქვს საშუალება ძვირადღირებული კვლევებისა და მედიკამენტური მკურნალობის ხარჯების დაფარვის“, – მიაჩნია ტომარაძეს.

მისი აზრით, რეფორმის ფარგლებში მხოლოდ პოლიკლინიკებისა და ამბულატორიების გარემონტებაც რომ მოხდეს, ექიმები გადამზადდნენ და მათი ანაზღაურება გაიზარდოს, ესეც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და აჯობებს იმ სიტუაციას, რაც ახლაა.

„პირადად არ მაქვს შეხება პოლიკლინიკებთან თუ ამბულატორიებთან, უფრო კერძო კლინიკების მომსახურებით ვსარგებლობ.

თუმცა ვიცი, რომ რა სიტუაციაც დღეს ამ დაწესებულებებშია, უკეთესის სურვილს ნამდვილად ტოვებს“, – განაცხადა ზვიად ტომარაძემ.

bpi.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …