მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ზურაბ აზარაშვილი აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების პირობებს ასახელებს

ზურაბ აზარაშვილი აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების პირობებს ასახელებს

„ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრაზე მშობლების საჭიროებები მოისმინა და მათ, პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აღნიშნული წამლით მკურნალობა, ამ ეტაპზე, არ ფინანსდება.

„მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA)  მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას. აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები, ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ. ზურაბ აზარაშვილმა, პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, სახელმწიფო დაუფინანსებს,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავცრელებულ ინფორმაციაში.

აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით და ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …