მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ყველა პაციენტის დაფინანსება ერთნაირად არ შეიძლება
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის საჭიროებასა და აუცილებლობაზე სხვადასხვა თავიანთი შეხედულებები გამოთქვეს სფეროს ექსპერტებმა და ცნობილმა მედიკოსებმა.

ყველა პაციენტის დაფინანსება ერთნაირად არ შეიძლება

ყველა პაციენტის დაფინანსება ერთნაირად არ შეიძლება, უნდა დაფინანსდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მატერიალური სტატუსის მიხედვით.ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასთან დაკავშირებით საუბრობს ბავშვთა და მოზრდილთა ალერგიის ცენტრის კლინიკური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ნინო ბაგაური.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა, მართლაც, აუცილებელია. ბაგაური მიიჩნევს, რომ უნდა გაიმიჯნონ პაციენტები ერთმანეთისგან დაავადების სიმძიმისა და მატერიალური სტატუსის მიხედვით, რათა პროგრამა სახელმწიფოს მხრიდან იყოს უფრო ხარჯთეფექტური.

– რატომ არის აუცილებელი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის განხორციელება?

– რა თქმა უნდა, ამ რეფორმის განხორციელება აუცილებელია. დროულად უნდა მოხდეს იმ სნეულების გამოვლინება, რაც ადამიანს აწუხებს. დღესდღეობით, სანამ ადამიანი დაავადების კრიტიკულ ეტაპზე არ მივა და გადაუდებელი არ გახდება, იქამდე არ მიმართავს ექიმს.

თავიდანვე რომ აღმოიფხვრას პრობლემა და დროულად მოხდეს გამოვლენილი დაავადების მკურნალობა, სწორედ ამისთვისაა საჭირო ამ რეფორმის განხორციელება.

– თქვენი აზრით, რა არის საჭირო, პირველ რიგში, იმისთვის რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა წარმატებით დასრულდეს?

– პირველ რიგში, მთავარია ფინანსები. უნდა მოხდეს მედპერსონალის დაკმაყოფილება, იმისთვის, რომ პაციენტს მოემსახურონ სრულყოფილად. აღარ მაქვს საუბარი აღჭურვილობასა და თანამედროვე აპარატურაზე.

პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს ის, თუ ვის უფრო მეტად სჭირდება მკურნალობა. არიან გადაუდებელი ტიპის პაციენტები და შედარებით ნაკლებად რთულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. მათი დახარისხება არის ასევე ერთ–ერთი მთავარი. არის სნეულებები, რომლებსაც მეტი დაფინანსება, მეტი დრო და მკურნალობა უნდა, ზოგ სნეულებებს კი შედარებით ნაკლები დრო და სახსრები სჭირდება.

ვფიქრობ, ყველა პაციენტის დაფინანსება ერთნაირად არ შეიძლება. უნდა დაფინანსდნენ ჯამრთელობის მდგომარეობისა და მატერიალური სტატუსის მიხედვით.

– რამდენად ხარჯთეფექტური იქნება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ახალი რეფორმის განხორციელება?

– სახელმწიფოს მხრიდან ამის განხორციელება საკმაოდ ხარჯიანი იქნება. ეს არ არის მარტივი პროექტი. პაციენტების მომსახურება მაღალ დონეზე, მათი გამოკვლევა თუ დიაგნოზის დასმა, რა თქმა უნდა, ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი გათვლები. მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რეფორმის გატარების შემდეგ ცენტრალური ბიუჯეტი უფრო მეტ ხარჯებს დაზოგავს, რაც გამოიხატება სტაციონარების განტირთვაში.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისევ და ისევ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ უნდა მოხდეს პაციენტების გამიჯვნა იმის მიხედვით, თუ ვის როგორ, რა დონეზე და რა სახსრების ფარგლებში სჭირდება დაფინანსება.

– როგორ მიმდინარეობს თქვენს კლინიკაში ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა?

– ეს პროგრამა მართლაც რომ ბრწყინვალედ მიმდინარეობს. გაიზარდა მომართვიანობა პაციენტების მხრიდან. ძალიან დატვირთულად მუშაობს ჩვენი კლინიკა ამ მხრივ. პაციენტები, ვისთანაც მე მქონია შეხება, ყველა კმაყოფილია. ამ პროგრამამ ხალხს მისცა საშუალება, რომ მიხედონ საკუთარ ჯანმრთელობას. რაც შეეხება ექიმებს, მათი კმაყოფილების დონე ამ მხრივ, შედარებით დაბალია.

შეგახსენებთ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. ამ რგოლის რეფორმაში ჯანდაცვის სამინისტროს მთავრობის კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს დახმარებას, რომელთანაც საქართველოს მთავრობას გრძელვადიანი შეთანხმება აკავშირებს, რაც თავის მხრივ, ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე ერთობლივ მუშაობას ითვალისწინებს.

kvira.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …