მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ყარამან ფაღავა: ოჯახის ექიმის პროფესიონალიზმი მოსახლეობის ჯანმრთელობის საწინდარია
ყარამან ფაღავა ჯანდაცვის სისტემაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ოჯახის ექიმებზეა დამოკიდებული მოსახლეობის ჯანმრთელობა.

ყარამან ფაღავა: ოჯახის ექიმის პროფესიონალიზმი მოსახლეობის ჯანმრთელობის საწინდარია

საერთაშორისო საკონსულტაციო  კომპანია ,,გლობალური ალიანსიჯანდაცვის სამინისტროს პირველად ჯანდაცვაში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში ეხმარება.

ცოტა ხნის წინ მთავრობამ ერთერთ პრიორიტეტად სწორედ პირველადი ჯანდაცვის განვითარება და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება დაასახელა.  საინტერესოა, რა ხარვეზებს ხედავენ ამ მიმართულებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და რის შეცვლას ისურვებდნენ მდგომარეობის გამოსასწორებლად.

პედიატრი ყარამან ფაღავა ჯანდაცვის სისტემაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის მნიშვნელობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ ოჯახის ექიმებზე დიდწილადაა დამოკიდებული მოსახლეობის ჯანმრთელობა:

„პირველად რგოლს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მთელ მსოფლიოში ასეა და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს, რომ მთელი სისტემა პირველად რგოლს ემყარებოდეს. ოჯახის ექიმი არის პირველი, ვისთანაც ავადმყოფი ნებისმიერი დარღვევის დროს უნდა მიდიოდეს. მის მომზადებაზე, კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსახლეობის ჯანმრთელობა და ზოგადად, ამ დარგის წინსვლა“, – აცხადებს ყარამან ფაღავა.

მედიკოსი ხაზს უსვამს პირველადი რგოლის მნიშვნელობას დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკის საქმეში:

„პირველად რგოლს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს დაავადებათა პრევენციისა და პროფილაქტიკის თვალსაზრისითაც. ექიმთან ვიზიტისას, ხშირად მშობლის და ზოგჯერ ბავშვის განათლებას დიდი დრო უნდა დაეთმოს. ამის გარეშე არ შეიძლება.

სამწუხაროდ,  ამისთვის საკმარისი დრო არ რჩება და ინფორმაციის მიღების წყაროდ მხოლოდ ტელევიზია და სხვა წყაროები გვევლინება. არადა, მოსახლეობის ე.წ. სამედიცინო პროფილაქტიკურ განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე მომხრე ვარ ოჯახის ექიმის, ოჯახის პედიატრის ინსტიტუტისა, რომელიც უნდა იყოს, პირველ რიგში, ოჯახის მეგობარი. რა თქმა უნდა, მათ უნდა დანიშნონ მკურნალობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. თუმცა არსებობს მეორე მხარეც, მეორადი რგოლის ექიმები. ისინი უნდა იქცეოდნენ ადეკვატურად.

ჩვენთან ხშირად ხდება, რომ ერთი ექიმის დანიშნულ მკურნალობაზე მეორე ცუდს ამბობს. საურველია, ყველა იჩენდეს კოლეგიალობას. მაშინ არც პირველადი რგოლის ექიმს შეეშინდება სხვასთან პაციენტის გაშვება და მეორე რგოლის ექიმმაც უნდა იცოდეს, რომ ის არის კონსულტანტი და ძირითადი მაინც ოჯახის ექიმია“, – აღნიშნავს ყარამან ფაღავა.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …