მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » წელს ავტოავარიებში 326 ადამიანი დაიღუპა და 2200-მდე დაშავდა

წელს ავტოავარიებში 326 ადამიანი დაიღუპა და 2200-მდე დაშავდა

მესამე კვარტალში, საქართველოში ავტოავარიებში 105 ადამიანი დაიღუპა.

წინა კვარტალში დაღუპულთა რაოდენობა 122 იყო, პირველ კვარტალში კი 99. სტატისტიკურ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დასახელებულ პერიოდში დაშავდა 2166 ადამიანი (წინა კვარტალში 1955 )

რაც შეეხება ავარიების რაოდენობას, მესამე კვარტალში გზებზე 1488 შემთხვევა მოხდა (წინა კვარტალში ეს მაჩვენებელი 1451 იყო).

ივლისის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია იქმნება, რომელშიც შევლენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე), ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და  განათლების მინისტრების მოადგილეები.

კომისიის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესება 2022 – 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულებისა და შესაბამისი მონიტორინგის განხორციელების გზით.  კომისიის მიზნებს შორის ასევე სახელდება საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პრობლემების განხილვა და მათ აღმოსაფხვრელად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და, საჭიროებისამებრ, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა დასამტკიცებლად.

კომისია უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები და რეკომენდაციები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, განიხილოს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით წარდგენილი ინიციატივები და, მოწონების შემთხვევაში, მოახდინოს საკითხის ინიცირება საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 14 ადამიანი იღუპება. ეს რიცხვი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ მეტია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …