ვორკოჰოლიზმი დაავადებაა, ესაა დიაგნოზი. ამის შესახებ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანების ნაწილი ამაყობს, რომ ბევრს მუშაობს და არასდროს, მათ შორის არც შაბათ-კვირას ისვენებს. სინამდვილეში კი ესაა უკიდურესი ავტოაგრესიული ქცევა.
ცნობისთვის – „ავტოაგრესია“ ლათინურად საკუთარ თავზე თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგთა ნაწილი მასში საკუთარი თავისკენ მიმართული ნეგატიური ემოციების ნაკრებს მოიაზრებენ, მაგალითად, ბრაზს, რისხვას, გაღიზიანებას. ფსიქოლოგთა სხვა ჯგუფი კი მას თვითგანადგურების ქცევად განმარტავს, ანუ როდესაც საკუთარ თავს, საკუთარ კეთილდღეობასა და ფსიქიკურ წონასწორობას ძლიერ ზიანს აყენებ.
კაჭარავა ამბობს, რომ ადამიანისთვის აუცილებელია, დღეში ერთი საათი და კვირაში ერთი დღე საკუთარ თავს დაუთმოს – აკეთოს ის, რაც მას მოსწონს. ამასთან, მისივე თქმით, აუცილებელია შვებულება, რაც „რეფრეშირების,“ „რესტარტის“ საშუალებას იძლევა. ამავე ჭრილში განიხილავს ის ბავშვების არდადეგების პერიოდში მშობლების ქცევას, რომლებიც შვილს მეცადინეობას აიძულებენ. ფსიქოლოგის თქმით, არდადეგების 2 თვე ბავშვის საკუთრებაა, როდესაც მან უნდა ითამაშოს.
ამასთან, მარინა კაჭარავა ამბობს, რომ „რეფრეშირება“ ორ კვადრატულ მეტრში, მარტივი ვარჯიშებითაა შესაძლებელი. ესაა სათითაოდ ყველა კუნთის დაჭიმვა და დაშვება. ვარჯიში იწყება ხელებით, შემდეგ მოდის ზედა კუნთი, მკერდის კუნთი, პრესი, წვივები, დუნდულები, ზურგი, მხრები და ბოლოს გაზმორება – თითქოს ცაში ვიხედებით, როგორც ამას პატარა ბავშვი აკეთებს.
ფსიქოლოგის თქმით, აუცილებელია, ადამიანს მხოლოდ ცალმხრივი ინტერესი არ ჰქონდეს და მისი ცხოვრება თავკომბალას არ დაემსგავსოს. ამის მაგალითად კი მოჰყავს იაპონიის პრაქტიკა, სადაც ადამიანები ძალიან ბევრს მუშაობენ, შაბათ-კვირას კი ოჯახს “ქირაობენ“ – ფულის სანაცვლოდ მათთან მოდის ქალი და ბავშვი, რათა ოჯახის ინსცენირება მოხდეს. მარინა კაჭარავას თქმით, ეს მაგალითი აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანში ურთიერთობების მოთხოვნილება და ბალანსის არსებობა საქმესა და პირად ცხოვრებას შორის.
თანამშრომლების „გადაწვაზე“ საუბრისას ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ კომპანიების ხელმძღვანელები უნდა იყვნენ ლიდერები – ანუ გუნდის წევრები, და არა ბოსები – ანუ ტახტრევანზე მსხდომი მმართველები. იმ ნევროზულ გარემოში კი, სადაც არის ჩაშვება, შური და კონკურენცია, პროდუქტიული მუშაობა შეუძლებელია. კომპანიების მმართველებისადმი კაჭარავას კიდევ ერთი რჩევაა თანამშრომლების წახალისება, ერთობლივი გასვლების მოწყობა.