მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » ვის შეეძლება, გახდეს რძის დონორი – იაშვილის კლინიკაში ქალის რძის ბანკი იხსნება

ვის შეეძლება, გახდეს რძის დონორი – იაშვილის კლინიკაში ქალის რძის ბანკი იხსნება

ქალის რძის ბანკის გახსნასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ ბანკის გახსნა იაშვილის კლინიკაში იგეგმება. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში jandacva.ge-ს განუცხადეს, ბანკი, სავარაუდოდ გაზაფხულისთვის დაიწყებს ფუნქციონირებას.

მათი განმარტებით, დონორის რძე ესაჭიროება მაღალი რისკის და დღენაკლულ ახალშობილებს. დონორი შეიძლება იყოს ყველა მეძუძური ქალი, რომელსაც აქვს ჩატარებული კვლევა კონკრეტული ვირუსების არსებობის გამოსარიცხად და ასევე, ცხოვრების წესით შეესაბამება რძის დონორიბას – არაა ალკოჰოლის და თამბაქოს მომხმარებელი, არ იღებს მედიკამენტებს.

რძის ბანკის რესურსი იაშვილის კლინიკის ნეონატალოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ ბავშვებს მოხმარდება.

ესაა ქალის რძის პირველი ბანკი, რომელიც საქართველოში გაიხსნება.

ბანკის დაარსების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

როგორც იაშვილის კლინიკაში განმარტავენ, ქალის რძის ბანკი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბუნებრივი კვების მაჩვენებლის გაზრდას და გააუმჯობესებს დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილთა მართვის სტანდარტს.

დედის რძის არქონის შემთხვევაში, რეკომენდებულია დონორი ქალის რძე, როგორც მეორე  რიგის საუკეთესო საკვები. სწორედ ამ საკვების უსაფრთხო მიწოდებას ახორციელებს  ქალის რძის ბანკი. ქალის რძე უნიკალური საკვებია და გარდა იმისა, რომ ის მნიშვნელოვანია ბავშვის ადეკვატური ზრდა-განვითარებისთვის, წარმოადგენს საუკეთესო საკვებს, ე.წ. ბუნებრივ „სამკურნალო“ პროდუქტს, განსაკუთრებით – მაღალი რისკის ახალშობილებში. ქალის რძის ბანკში განხორციელდება დონორი ქალის რძის შეგროვების, შემოწმების, სათანადო პირობებში შენახვისა და დანიშნულებისამებრ განაწილების უწყვეტი პროცესი.

„საქართველოში ქალის რძის პირველი ბანკის დაარსების პროექტს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ექიმები – კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი, ნინო სოლომონია და ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელი, ეკა კანდელაკი ახორციელებენ. სწორედ მათი ძალისხმევით გაწევრიანდა საქართველო ევროპის ქალის რძის ბანკების ასოციაციაში. გარდა ამისა, საქართველოს ეწვივნენ ევროპის ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და ბორდის წევრები, რომელთა გამოცდილების გაზიარებითაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს,“ – აცხადებენ კლინიკაში.

 

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …