პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა, ამბულატორიული მომსახურებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვის სფეროს მთავარ პრიორიტეტად სახელდება -ეს არის იმ საერთო გამოკითხვის პირველადი შედეგები, რომელიც იანვრის ბოლოს დაიწყო და პრაქტიკულად მთელი საქართველო მოიცვა.
საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი” და ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობის ინტერნეტ გამოკითხვას აგრძელებს, რეგიონულ ცენტრებში კი 16 ათასი ადამიანი იქნა გამოკითხული. ფონდ „კურაციოს” მიერ ამ დარგის სპეციალისტების გამოკითხვით ხარჯთეფექტურობის გაზრდა ერთ ერთ უმთავრესად პრობლემად დასახელდა, რაც შეუძლებელია მიღწეულ იქნას პირველადი ჯანდაცვისრეფორმის გარეშე.
„გლობალური ალიანსი“ ჩართულია ჯანდაცვის სისტემის რეფორმის განხორციელებაშიც და გამოკითხვის შედეგები სრულად აისახება სამინისტროს შემდგომ რეფორმებში.
ჯანდაცვის ექსპერტის ვახტნგ სურგულაძის აზრით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ქვეყანაში შეიძლება გაკეთდეს და დღემდე არავის გაუკეთებია. მისი განცხადებით, ეს რგოლი თუ არ განვითარდა სრულყოფილად, სხვა რეფორმებზე საუბარი ზედმეტი იქნება, გინდა,C ჰეპატიტის პროგრამა იყოს და გინდა, ულტრათანამედროვე კლინიკები ავაშენოთ.
მთელი მსოფლიო იქით მიდის, რომ სტაციონარული მკურნალობა შეიცვალოს ამბულატორიულით და პროფილაქტიკით. ხარჯთეფექტურია და იმიტომ. კარგია, რომ საქართველოში ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია, მაგრამ უმჯობესი იქნება, ადამიანს ისეთი არაფერი დაემართოს, რომ გადანერგვა დასჭირდეს. კარგი პირველადი ჯანდაცვა შესაძლებლობას გვაძლევს, ბევრი ხარჯი და ინვალიდიზაცია თავიდან ავიცილოთ. ამბულატორიების რეფორმა, თუ პროცესი სწორად წარიმართება, ყველა მიმართულებით გაზრდის ხელმისაწვდომობას.
ექსპერტმა ისაუბრა, ასევე, იმ პრობლემებზე, რაც დღეს ექიმებს ყველაზე მეტად აწუხებს:
„მოტივაცია არ აქვს ოჯახის ექიმს, რომ იმუშაოს. ის თანხა, რასაც უხდიან, ძალიან მცირეა. ბორჯომის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ოჯახის ექიმი ბორჯომიდან ერთი საათის სავალ მანძილს გადის ავტობუსით, ჩადის 12 საათზე და ერთ საათში უკან ბრუნდება, რა ხელმისაწვდომობაზე და პროფილაქტიკურ მედიცინაზე უნდა ვისაუბროთ ამ პირობებში? გამოყოფილი დაფინანსება პირველადი ჯანდაცვისთვის უნდა იყოს ყველაზე მეტი და მოცულობითი. ეს უნდა გახდეს მომავალი რეფორმების საყრდენი“.