კოვიდ 19-ით ახალგაზრდების დაღუპვასთან დაკავშირებით უფრო მეტი პანიკა და ქაოსია, ვიდრე რეალური შედეგი გვაქვს. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.
„ბევრი კლინიკიდან ეწერებიან უმძიმესი პაციენტები. კოვიდის მიმდინარეობა უმეტესწილად დამოკიდებულია ასაკზე. ჩემს კლინიკაში კვლევა ჩატარდა და აღმოჩნდა, რომ 55%-ში, ვინც რეანიმაციაში მოხვდა და დაიღუპა, 71 წელზე მეტი ასაკის ადამიანი იყო. ახალგაზრდა ასაკის ძალიან მცირე პროცენტი დაიღუპა. უფრო მეტი პანიკა და ქაოსია ამ მიმართებაში, ვიდრე შედეგი გაგვაჩნია. ჩემი თხოვნა იქნება მოსახლეობისადმი, კოვიდდაავადება თუ შეგვეყრება, არ ნიშნავს, რომ უნდა დავმძიმდეთ ან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოვხვდეთ, და თუ მოვხვდებით, ვეღარ გამოვალთ იქიდან. ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რომ ლეტალობის ნაკლები შემთხვევა გვქონდეს, რომ პაციენტებს უახლესი ტექნიკით და მიდგომებით ვუმკურნალოთ,“- განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი ინფორმაციით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ჯამში გატარებული ყავს 8 ათასამდე მძიმე და კრიტიკული კოვიდპაციენტი, ლეტალობის ინდექსი კი 5,1%-ია, რაც საშუალოზე დაბალი მაჩვენებელია.
მისივე თქმით, პანდემიის მართვის ორად ორი მეთოდი არსებობს – ესაა ვაქცინაცია, რასაც ადამიანების მასობრივად გადარჩენა შეუძლია, და სამკურნალო საშუალებები.
„რაც კი კარგი შექმნილა მედიცინაში და პრიორიტეტული, ესაა ვაქცინაცია. ასე ვფიქრობდი კოვიდპანდემიამდეც, რადგან უამრავი დაავადება – ჩუტყვავილა, წითელა, ყვავილი, ლიკვიდირებულ იქნა ვაქცინაციით,“- განაცხადა რატიანმა.
რაც შეეხება მედიკამენტს, მისი თქმით, რამდენიმე ბიოტექნოლოგიური ინსტიტუტი ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.
„პერსპექტივა, რომ გადავრჩებით, არსებობს. სამყაროს შექმნის თეორიას თუ მივყვებით, დღემდე მიკროორგანიზმებს ადამიანის ორგანიზმმა აჯობა,“- აღნიშნა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, როდესაც ვაქცინას გავიკეთებთ, არ უნდა გვეგონოს, რომ ვართ უსაფრთხო როგორც ჩენი თავისთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. ეს ნებისმიერი ვაქცინის „დეფექტია“, რადგან ვაქცინის ფუნქციაა ორგანიზმში ანტისხეულების გამომუშავება, მაგრამ თუ გარემოში არსებობს დაავადების გამომწვევი ,შეიძლება დავინფიცირდეთ. ამიტომ ლევან რატიანი ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ისევე როგორც დანარჩენ მოსახლეობას, სიფრთხილის ზომების დაცვისკენ, მათ შორის პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
რაც შეეხება ლეტალობას, ლევან რატიანის თქმით, ნებისმიერ დაავადებას ახასიათებს ის, რომ სათანადო მკურნალობის პირობებში პაციენტი შესაძლოა დამძიმდეს, რადგან მის ორგანიზმში შეუქცევადი პროცესები დაიწყოს, მით უფრო კოვიდ 19-ის შემთხვევაში, რომელიც დღემდე შეუსწავლელი დაავადებაა, რადგან დაავადების შესწავლას, როგორც წესი, 10-15 წელი მაინც სჭირდება.
ლევან რატიანის თქმით, საქართველოში 550 ათას მოქალაქეს უკვე მოხდილი აქვს კოვიდი,ამას კი ემატება მილიონზე მეტი ვაქცინირებული და, მედიკოსის ვარაუდით, ჩვენი ქვეყნის პოპულაციაში ძალიან მალე დადგება დრო, როცა ახალი კორონავირუსის მიმართ გვექნება ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა და ამ დაავადებას ძალიან მალე დავამარცხებთ.