ფილტვის კიბოს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაიწყო მედიაკონკურსი თემაზე: „პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“, რომლის მიზანი დაავადებისა და პერსონალიზებული მედიცინის შესახებ საზოგადოების ცნობადობის გაზრდა და ინფორმირებულობაა. კერძოდ, საზოგადოებას მიეწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია ფილტვის კიბოს რისკების, მისი წარმოშობის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში პერსონალიზებული მიდგომის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დაავადებაზე გამარჯვების შანსს.
კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვდება 6 გამარჯვებული 3 სხვადასხვა კატეგორიაში:
I პრემია – 2000 ლარი (1 ადგილი)
II პრემია – 1000 ლარი (2 ადგილი)
III პრემია – 500 ლარი (3 ადგილი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მომუშავე ყველა ჟურნალისტს. დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 6 დეკემბერიდან 28 თებერვლამდე უნდა წარმოადგინონ მედიასაშუალებაში უკვე მოხვედრილი ნამუშევარი (საგაზეთო პუბლიკაცია, ონლაინ სტატია, სიუჟეტი, ტელე ან რადიო გადაცემაში სტუმრობა და აშ) კომპანია “ჯეპრაში” ელექტრონული ფოსტით (m.takashvili@gepra.ge ) ან ადგილზე მიტანით (მ.ალექსიძის #1, ტელ: 577 24 40 85). გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება მარტის პირველ ნახევარში.
„პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“ – მედია კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს და მის ობიექტურად ჩატარებას უზრუნველყოფს შემდეგი წევრებისგან შემდგარი ჟიური:
ნათია კუპრაშვილი, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის (JRC) ხელმძღვანელი
თინათინ სამყურაშვილი, კომპანია “ჯეპრას” უფროსი კონსულტანტი
თამარ ესაკია , კლინიკური ონკოლოგი
ანა მაზანაშვილი, კავკასიის ონკოსაზოგადოების H.O.P.E. დამფუძნებელი
მაკა ასათიანი, „როშ ჯორჯიას“ დირექტორი.
კონკურსის დროს წარმოდგენილი მასალის განხილვისას, ჟიურის წევრები იხელმძღვანელებენ შემდეგი სახის კრიტერიუმებით:
- ჟურნალისტური ოსტატობა (ორიგინალური ტექსტი/ვიდეო, კრეატიული გადაწყვეტა, გზავნილების გასაგებად წარმოდგენა) – მაქსიმუმ 10 ქულა
- კონკურსის ფარგლებში მომზადებული მედია მასალების რაოდენობა და გამოქვეყნების სიხშირე – მაქსიმუმ 5 ქულა
- კონკურსის თემასთან („პერსონალიზებული გამარჯვება ფილტვის კიბოზე“) შესაბამისობა – მაქსიმუმ 10 ქულა
- მნიშვნელოვანი სიახლეები ფილტვის კიბოს უახლოეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში
- ფილტვის კიბოს მკურნალობის პერსონალიზებული მიდგომის წარმოჩენა
- ფილტვის კიბოს ადექვატური მკურნალობა და მისი მართვა
- სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილებების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებებზე მიმართული მკურნალობის შერჩევა
- დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საჭიროება
ძირითადი გამოწვევები:
- დაავადების გარშემო ჩამოყალიბებულია სტიგმა – პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს უჭირთ ღიად საუბარი
- დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონე დაბალია, რაც უარყოფითად აისახება სტატისტიკაზე
- დაავადების აღმოჩენა ძირითადად გვიან სტადიაზე ხდება – დროული დიაგნოსტიკის კულტურა დანერგილი და მისი აღმოჩენა ძირითადად გვიან სტადიაზე ხდება
- დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან ძვირია – სახელმწიფოს მხრიდან ამ ეტაპამდე არ არის შესაბამისი მზაობა
ზოგადი ინფორმაცია დაავადების შესახებ
ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილს იკავებს და უტოლდება ძუძუს, კოლორექტული და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის გაერთიანებულ მაჩვენებელს. ყოველწლიურად მსოფლიოში 2,2 მილიონზე მეტ ადამიანს უდასტურდება ეს დიაგნოზი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მამაკაცები ფილტვის კიბოთი 7-10 ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. ფილტვის კიბოს განვითარების მთავარი რისკის ფაქტორებია: დაბინძურებული გარემო, მოწევა, მძიმე მეტალებთან მუდმივი კონტაქტი, რადიოაქტიური გამოსხივება, თანმხლები ფილტვის ქრონიკული დაავადებები. სტატისტიკის მიხედვით, ამ ტიპის ონკოლოგიური პათოლოგიის მქონე პაციენტების დაახლოებით 90% მწეველია, დაავადება შესაძლოა განუვითარდეს როგორც აქტიურ, ისე პასიურ მწეველებს.
ფილტვის კიბო 2 ძირითად ტიპად იყოფა: არაწვრილუჯრედოვანი (NSCLC) და წვრილუჯრედოვანი (SCLC). არაწვრილუჯრედოვანი ფილტვის კიბო ყველაზე გავრცელებული ფორმაა და პაციენტების 70-80%-ში ვლინდება, ის ნაკლებად აგრესიული ხასიათით გამოირჩევა, წვრილუჯრედოვანი უფრო აგრესიული, იშვიათი ფორმაა და პაციენტების მხოლოდ 20-30%-ში გვხვდება.
მნიშვნელოვანია ფილტვის კიბოს დროული დიაგნოსტიკა, მისი ადეკვატური მკურნალობა და მართვა. დღეს უკვე მოლეკულური დიაგნოსტიკის საშუალებით შესაძლებელია ცალკეულ ინდივიდში სიმსივნის გამომწვევი გენეტიკური ცვლილების განსაზღვრა და კონკრეტულად ამ ცვლილებაზე მიმართული მკურნალობის შერჩევა. ასეთი პერსონალიზებული მკურნალობის მიდგომით მნიშვნელოვნად იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი.