თბილისში, საბავშვო ბაღების პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის „კოვიდ-19“-ის დადასტურების გამო, 14 ბაღი დაიხურა. ინფორმაციას ბაღების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
დახურული ბაღებია: მე-100, 72-ე,145-ე, 45-ე, 75-ე, 86-ე, 186-ე, მე-15, 173-ე, 38-ე, მე-10, 74-ე, 53-ე,135-ე.
სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის საჯარო ბაღები არსებული მძიმე პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით მუშაობენ.
„რეგულაციები დეტალურად არის გაწერილი და მათი დაკმაყოფილებისთვის გასულ წელს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა. ერთ-ერთი ასეთი რეკომენდაცია ითვალისწინებს დაწესებულებაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ერთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, საბავშვო ბაღის დახურვას საკარანტინე ვადით, კონტაქტში მყოფი პირები კი გადადიან იზოლაციაში“, – განაცხადეს სააგენტოში.
ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 4 ოქტომბერს დაიწყო.
1tv.ge