თამბაქოს მოხმარებასთან ბრძოლა 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა, ამ პროცესში მთავრობების მთავარ ინსტრუმენტს კი თამბაქოს პროდუქტების მკაცრი კონტროლი და რეგულაციური ინიციატივები წარმოადგენს. თუმცა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების შემცირების პროცესში თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტად იქცა.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს შესაძლებლობას ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც არ ანებებენ თავს მოწევას, გადავიდნენ ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე და შეამცირონ როგორც საკუთარი ჯანმრთელობისთვის, ასევე მათ გარშემომყოფთათვის მიყენებული ზიანი.
თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას ისეთი წამყვანი ქვეყნები იყენებენ, როგორებიც არის: დიდი ბრიტანეთი, აშშ, იაპონია… წელს მათ რიცხვს ფილიპინებიც შეემატა.
ფილიპინების მთავრობამ მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო თამბაქოს ზიანის შემცირებისთვის საჭირო პროგრესული რეგულაციები, რაც შესაძლებლობას მისცემს ფილიპინების ჯანდაცვის სისტემას, გადადგას ნაბიჯი თამბაქოს კვამლისგან თავისუფალი მომავლისკენ და შეამციროს ქვეყანაში ტრადიციულ მწეველთა რაოდენობა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2015 წელს ფილიპინების მოსახლეობის 23.8%, ანუ დაახლოებით 16.6 მილიონი ადამიანი ტრადიციული თამბაქოს პროდუქტის მომხმარებელი იყო. 2009 წელს ეს მაჩვენებელი 17.3 მილიონს უტოლდებოდა, 2019 წელს კი 24%-ს შეადგენდა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ 2009 წლიდან – 2019 წლამდე ფილიპინებში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობის მატება ფიქსირდებოდა.
აღნიშნული ტენდენციის შესაჩერებლად, 2022 წელს მთავრობის მიერ მიღებული საკანონმდებლო გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, შეამციროს მოსახლეობაში მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებისა და მათ შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
„ჩვენ ვზრუნავთ თითოეული მწეველის სიცოცხლეზე. აღნიშნული კანონი მიზნად ისახავს, ზრდასრულ მწეველთათვის გაზარდოს ტრადიციულ მოწევასთან შედარებით უკეთეს ალტერნატივებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა, ამავე დროს მიღებული კანონი უზრუნველყოფს ელ. სიგარეტებზე ხელმისაწვდომობის მკაცრ შეზღუდვას არასრულწლოვნებისა და ბავშვებისთვის“, – აღნიშნა ალფრედო გაბინმა, საკანონმდებლო ინიციატივის თანაავტორმა.
კანონის ავტორების გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებებს ეფუძნება. Public Health England-ის კვლევებით დგინდება, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით საშუალოდ 95%-ით ამცირებენ მოწევასთან დაკავშირებულ ზიანს. რაც თავის მხრივ წარმოადგენს შესაძლებლობას ჯანდაცვის სისტემებისათვის, ხელი შეუწყონ ჯანსაღი მომავლის შექმნას.
აღსანიშნავია, რომ თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების შესახებ შეხედულებები ცდება მხოლოდ სამეცნიერო სფეროს და ის მოსახლეობაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ACORN Marketing & Research Consultants-ის მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ დღეს ფილიპინების მოსახლეობის 94% მიიჩნევს, რომ ადგილობრივმა მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ ისეთი პოლიტიკის გატარებას, რომელიც დაეხმარება მწეველებს, თავი დაანებონ ტრადიციული თამბაქოს მოწევას და გადავიდნენ ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე.
უფრო მეტიც, 2000 რესპონდენტიდან 70% მიიჩნევს, რომ ელ. სიგარეტები და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობები ტრადიციულ სიგარეტთან შედარებით უკეთეს ალტერნატივას წარმოადგენს. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ ბაზარზე თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების გამოჩენიდან დღემდე ქვეყანაში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობების მოხმარებაზე ერთი მილიონი მწეველი გადავიდა.
საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ ფილიპინებისთვის თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია წარმოადგენს შესაძლებლობას 16 მილიონი ფილიპინელი მწეველისთვის, თავი დაანებონ ტრადიციული სიგარეტის მოხმარებას, შეამცირონ როგორც საკუთარი, ასევე მათ გარშემომყოფებისთვის მიყენებული ზიანი და გადაარჩინონ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.
”ეს არის შესაძლებლობა ფილიპინელი ხალხისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მათ უკეთეს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”, – განაცხადა პალატის ყოფილმა მოადგილემ როდანტე მარკოლეტამ, წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა.