მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სოფიო ხორგუანი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ
ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილი რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი.პირველადი ჯანდაცვა არ გულისხმობს მხოლოდ დიაგნოზის დასმას.

სოფიო ხორგუანი პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ

ჯანდაცვის პირველად რგოლში დაგეგმილი რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი. მისი აზრით, ჯერ კიდევ ის, რომ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების შესახებ, იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება.

„ბევრი საუბარი იყო, რომ ბიუჯეტიდან დიდი თანხა იხარჯებოდა და ეს დიდი ზეწოლა იქნებოდა, რომ არ ხდებოდა დიფერენცირება და ყველა სარგებლობდა ამ პროგრამით. მაგრამ ვფიქრობ, რომ დამოკიდებულება იყო ძალიან სწორი, როდესაც სახელმწიფომ თქვა, რომ მე ვზრუნავ მოქალაქეზე და შემდგომ გავარკვევთ, ვინ საჭიროებს ამ ზრუნვას და ვინ – არა.

მითია შექმნილი, რომ ამ პროგრამით სერიოზული პრობლემა შეექმნა ბიუჯეტს. რეალურად, ხელისუფლებამ შეამცირა ადმინისტრაციული ხარჯები და ამის ხარჯზე მოხდა სოციალური პაკეტის შევსება.

ეს ნაბიჯი აუცილებლად იყო გადასადგმელი, რადგან ვითარება იყო უმძიმესი და საჭიროებდა პრობლემის სასწრაფოდ გადაწყვეტას. ეს გაკეთდა. ამას უნდა მოჰყვეს რეფორმა, რომ სახელმწიფოს მიერ გაკეთებული საქმე იყოს ობიექტურად და სამართლიანად დაგეგმილი მომავალში. სწორედ ამიტომაა აუცილებელი პირველადი რგოლის რეფორმა.

რაც უფრო სწრაფად და ოპტიმალურად განხორციელდება იგი, მით უკეთესად წარიმართება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც, რადგან გამოყოფილი თანხა უფრო ეფექტურად დაიხარჯება და იქნება შედეგზე ორიენტირებული“, – მიაჩნია ხორგუანს.

მისი აზრით, ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის. არსებობს ქვეყნები, სადაც ასეთი სისტემა არსებობს. ხორგუანს მიაჩნია, რომ თუ მათ გამოცდილებას გადმოვიღებთ და მოვარგებთ ჩვენს სისტემას, მოვიგებთ ყველანი – მოქალაქეებიც და სახელმწიფოც. რადგან თუ ვაშენებთ სახელმწიფოს, რომელიც მოქალაქეებზეა ორიენტირებული, ეს მხოლოდ ამ გზით მიიღწევა.

„როდესც სისტემა აწყობილია, პროფესიონალიზმს დიდი ყურადღება ექცევა და ეფექტიანად მართავ რესურსს, კადრებს თუ სხვას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს თანხების დაზოგვას. ამ ორი წლის მანძილზე, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ხორციელდება, შეიძლებოდა მონიტორინგის გაკეთება, სად იყო ხარვეზები, პრობლემები და ამის შესაბამისად უნდა გაკეთდეს სწორედ ეს რეფორმაც.

პირველადი ჯანდაცვა არ გულისხმობს მხოლოდ სწორი დიაგნოზის დასმას. ეს პირველ რიგში არის პრევენცია. ჩვენ თუ მოვახერხებთ, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მეტად იქნება ორიენტირებული სწორედ პრევენციაზე, ეს იქნება ძალიან კარგი. თუმცა, რასაკვირველია, არის დაავადებები, რომელთა მკურნალობაც პირველად რგოლში ვერ ხერხდება, როგორ გამართულადაც არ უნდა მუშაობდეს იგი.

თუმცა, ცხადია, განვითარებული პირველადი რგოლი თანხების დაზოგვას აუცილებლად მოიტანს შედეგად. თუ ჩვენ ვიქნებით სოციალურად ორიენტირებული ქვეყანა და ასეთი ქვეყნები არსებობენ და წარმატებითაც ვითარდებიან, თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებით ავაწყობთ გამართულ სისტემას, მაშინ ეს იქნება ეფექტურიც და ეფექტიანიც“, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამუშაო პროცესში ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, მისი კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“, პირველადი რგოლის ექიმები და დონორი ორგანიზაციების წარმოამდგენლები.

news.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …