თბილისის მოსახლეობისთვის სიმსივნური დაავადებების სკრინინგის პროგრამაში სიახლეა – ამოქმედდა ორგანიზებული სკრინინგი, რაც იმას ნიშნავს, რომ სამიზნე ჯგუფებს, სიმსივნის პრევენციისთვის, თბილისის მერიის ეროვნული სკრინინგის ცენტრიდან დაუკავშირდებიან და გამოკვლევებზე მიიწვევენ. სამიზნე ჯგუფებში კი ძირითადად, 40-დან 70 წლამდე ადამიანები შედიან.
საუბარია ჯანმრთელი ადამიანების გამოკვლევებზე, რომლებსაც ასაკობრივად პრევენციული გამოკვლევები ესაჭიროებათ. ესაა ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი ეხოსკოპიისა და მამოგრაფიის სახით, ასევე ონკოლოგის კონსულტაცია.
თბილისის მასშტაბით ეროვნული სკრინინგის ოთხი ცენტრი ფუნქციონირებს, რომლებიც გლდანში, ვარკეთილში, დიდუბესა და საბურთალოზეა განთავსებული
მოქალაქეები, რომლებსაც ასაკის მიხედვით, უფასო შემოწმება ეკუთვნით, სკრინინგ ცენტრიდან მიიღებენ სმს შეტყობინებას სკრინინგზე მოწვევის შესახებ.
როგორც თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, ასეთი პრაქტიკა უკვე მოქმედებს იმ მოქალაქეებთან მიმართებით, ვინც ერთხელ მაინც იყო სკრინინგ ცენტრში. ახლა კი უკვე იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად, სმს შეტყობინებით მოწვევის შესაძლებლობა სხვა მოქალაქეებისთვისაც გაჩნდა.
პროექტის დასაფინანსებლად 2 მილიონი ლარია გამოყოფილი. მოქმედებს ცხელი ხაზი და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ცენტრს თავადაც დაუკავშირდნენ ნომერზე 2 20 35 35.