2022-2023 სასწავლო წლიდან დისტანციური სწავლების არჩევის შესაძლებლობა კვლავ რჩება, თუმცა ის მშობლის სურვილზე არ იქნება დამოკიდებული და ეს უფლება ექნებათ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რისკჯგუფს წარმოადგენენ – შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობისა და მშობლის მიმართვის საფუძველზე, მათ ექნებათ საშუალება გადავიდნენ შინ სწავლების რეჟიმზე.
გარდა ამისა, როგორც jandacva.ge უკვე წერდა, შემსუბუქებული რეკომენდაციების თანახმად, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებულმა პირებმა 10 დღის განმავლობაში პირბადე უნდა ატარონ და მათ იზოლაციის ვალდებულება აღარ აქვთ. სკოლებზე არც წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რაც ცალკეული კლასის/კლასების ან სკოლის სრულად დისტანციური სწავლის მოდელზე გადასვლას გულისხმობდა.
პირბადის ტარება მიზანშეწონილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის იმ შემთხვევაში, თუ მათი სამუშაო მოითხოვს მოსწავლესთან პირისპირ კონტაქტს 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით.
ახალი სასწავლო წლიდან საკლასო ოთახებსა და დერეფნებში მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვისა და მოსწავლეთა ცვლებში გადანაწილების ან საგაკვეთილო ცხრილის განტვირთვის მიზნით ჰიბრიდული სწავლების შემოღების ვალდებულებაც მოიხსნა.
Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, ვირუსის შიდა გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სკოლის მასწავლებელი/თანამშრომელი ან/და სკოლის მოსწავლე დაექვემდებარება იზოლაციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ვადით.
ამასთან, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებს არ ექნებათ ვალდებულება, ორ კვირაში ერთხელ ჩაატარონ მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირება.
განახლებული რეკომენდაციები სკოლის ტერიტორიაზე არსებული საკვები დაწესებულებებისა და სასკოლო წრეების შეზღუდვების მოხსნასაც ითვალისწინებს. შესაბამისად, 2022-2023 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განახლდება სასკოლო ბუფეტებისა და სასკოლო წრეების ფუნქციონირება.
ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.
jandacva.ge