დღეს შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება. თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ამ დაავადებასთან ბრძოლაში ძალიან კარგი შედეგები აქვს. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, დღეს შიდსი მართვადი დაავადებაა და ის აღარ ახდენს გავლენას ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხზე. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, საქართველოში ასობით შემთხვევაა, როცა აივ-ინფიცირებულები ჯანმრთელ ან ინფიცირებულ ადამიანებზე ქორწინდებიან და ჯანმრთელ ბავშვებს აჩენენ.
რაც შეეხება მკურნალობას, ცერცვაძის თქმით, არსებული მედიკამენტები იძლევა შესაძლებლობას, სისხლში ვირუსი ბოლომდე დაითრგუნოს, თუმცა რჩება გენეტიკურ დონეზე და ახლა მსოფლიო მეცნიერების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ვირუსის გენეტიკური მასალაც გაძევებულ იქნას პაციენტის ორგანიზმიდან.
„ადრე მკურნალობა ბევრი აბის მიღებას მოიცავდა, რაც პაციენტებისთვის უხერხულია, თან მედიკამენტი ტოქსიკური იყო და ინფიცირებულებს პრობლემებს უქმნიდა. დღეს საკმარისია ერთი ტაბლეტის მიღება. იმდენად განვითარდა მკურნალობა, რომ პაციენტების უმრავლესობა დღეში ერთხელ ერთ ტაბლეტს იღებს და გარანტირებულები არიან, რომ იცოცხლებენ იმდენ ხანს, სანამ უწერიათ, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. ცხოვრების ხარისხი გათანაბრებულია არაინფიცირებულის ცხოვრების ხარისხთან. თუ მოვახერხებთ, დავივიწყოთ სტიგმა, შეგვიძლია ეს დაავადება განვიხილოთ როგორც ნებისმიერი მართვადი ქრონიკული დაავადება, როგორც შაქრიანი დიაბეტი,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, არსებული გეგმით, საქართველოში 2025 წლისთვის შიდსის ახალი შემთხვევები აღარ უნდა გამოვლინდეს ან ეს ერთეული ფაქტები უნდა იყოს.
UNAID-ის ანგარიშის თანახმად, შარშან მსოფლიოში შიდსის 1,5 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალურ სამიზნეს ერთი მილიონით აღემატება. დაახლოებით 650 ათასი ადამიანი კი შიდსთან ასოცირებული დაავადებებით დაიღუპა.