ქვეყანაში რესპირატორული ინფექციების აქტიური ცირკულაცია დაწყებულია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკვე არის გრიპის ერთეული შემთხვევებიც, თუმცა ცენტრის საიტზე შესაბამისი სტატისტიკა ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა.
სასწრაფო „პედიატრის“ ინფორმაციით, გამოძახებები ძალიან გახშირდა და თუკი ორი კვირის წინ დღე-ღამეში 250 პაციენტს ემსახურებოდნენ, ახლა ეს რიცხვი 400-მდეა გაზრდილი, რის გამოც ბრიგადები დაამატეს.
პანდემიის პერიოდში მოსახლეობას პრაქტიკულად ყოველდღე მიეწოდებოდა ინფორმაცია კოვიდ 19-ით ავადობის ხანგრძლივობის, იზოლაციის, კარანტინისა და გადამდებლობის ფაზის შესახებ. ახლა კი, როდესაც კორონავირუსმა აქტუალობა შედარებით დაკარგა და ძირითადი აქცენტი სეზონურ ინფექციებზე გადავიდა, მშობლებს აინტერესებთ, როგორია სეზონური ვირუსების ხანგრძლივობა და ის, თუ ინფექციის გადატანიდან რამდენ ხანშია უსაფრთხო ბავშვის ბაღში ან სკოლაში გაშვება.
ამ თემაზე განმარტებებს პედიატრი მაია ხერხეულიძე აკეთებს:
„ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ავადმყოფობის შემდეგ როდის გავუშვათ ბავშვი ბაღში, რომ სხვა ბავშვს არ გადასდოს დაავადება. როგოც წესი, ყველა ვირუსული ინფექცია გადამდებია კლინიკური სურათის დაწყებისას, ხოლო ავადობის ბოლოს, მინიმუმ ერთი დღე, 24 საათი უსიცხო პერიოდი ბავშვი სახლში უნდა გავაჩეროთ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიყვანოთ ბაღში. მიუხედავად იმისა, თუ ერთეული ხველა გაუგრძელდება, ის უკვე სხვებისთვის გადამდები არ იქნება.“
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ გრიპის აქტიურობის სეზონი ნოემბრიდან იწყება, ამიტომ გრიპზე ვაქცინაციისკენ მოგვიწოდებენ.