გიორგი ფხალაძე: საზოგადოებაში გეგმიური გამოკვლევების კულტურა უნდა გაჩნდეს. ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. რეფორმის დაწყება ახლახანს მინისტრმა სერგეენკომ დაანონსა. ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაში სამინისტროს კონსულტაციებს, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“ გაუწევს.
აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით, „თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების“ დამფუძნებელს და პრეზიდენტს გიორგი ფხალაძეს ვესაუბრეთ.
„კარგი იქნება, თუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გეგმიურ გამოკვლევებს წელიწადში ერთხელ კი არა, ორჯერ დააფინანსებს და გამოკვლევების შედარებით ფართო სპექტრს მოიცავს. მხოლოდ სისხლის ანალიზის გაკეთებით ზოგადი მდგომარეობის გამოკვლევა, ვფიქრობ, შეუძლებელია.
არის დაავადებები, რომლებიც არ ჩანს სიმპტომების მიხედვით, მაგრამ მხოლოდ ტომოგრაფია ან მსგავსი ძვირადღირებული კვლევა ამჟღავნებს მათ არსებობას ადამიანის ორგანიზმში. საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტში მსგავსი გამოკვლევებიც უნდა შედიოდეს.
რაც შეეხება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას, გეგმიური ვიზიტები ოჯახის ექიმთან არ იმუშავებს, თუ საზოგადოება არ იქნება ამისთვის მზად. ყველა მიდის სამედიცინო დაწესებულებაში მაშინ, როცა უკვე ძალიან მძიმედ არის. კულტურა არ არსებობს საზოგადოებაში იმისა, რომ ჩაიტარონ გეგმიური გამოკვლევები. დროულად რომ ხდებოდეს დაავადების გამოვლენა შედეგი გაცილებით უკეთესი გვენებოდა.
გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და შედარებით შეძლებულ ფენას ერთი და იგივე პაკეტს არ უნდა სთავაზობდეს სისტემა. მოსახლეობის სრულად უზრუნველყოფა სამედიცინო სერვისით, სახელმწიფოს, როგორც ვიცი, საკმაოდ დიდი თანხა უჯდება და არამგონია, რომ წლების მანძილზე გაუძლოს ამხელა ეკონომიკურ ტვირთს.
ამჟამად ქვეყანაში დაახლოებით ასი ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს. სამი მილიონი ადამიანისთვის გამოყოფილი ხარჯები რომ გამოთავისუფლდეს და გაჭირვებულ ფენაზე წარიმართოს, გაცილებით ეფექტური იქნება“, – განაცხადა გიორგი ფხალაძემ.