საქართველოში ექიმებთან სხვადასხვა ჩივილით მისული პაციენტების 68%-ს ვენური პათოლოგიის სხვადასხვა ფორმა დაუდასტურდა. ამის შესახებ სისხლძარღვთა ქირურგმა მამუკა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ვენების პრობლემების ასეთი ფართო გავრცელება შესაძლოა ქვეყნის სამხრეთულ კლიმატს უკავშირდებოდეს, რადგან აქ ცხელი პერიოდი სჭარბობს.
ბოკუჩავას თქმით, ასეთი შედეგები ორმა ეპიდემიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომელიც საქართველოში ვენური პათოლოგიების გავრცელების საკითხზე ბოლო 3 წელიწადში ჩატარდა. მისივე ინფორმაციით, ჩინეთში იგივე კვლევამ დაადასტურა, რომ აღნიშნული პრობლემა მოსახლეობის მხოლოდ 8-12%-ს აქვს.
მედიკოსი ამბობს, რომ საქართველოში ვენური პრობლემების ასეთ დიდ მასშტაბებს მოსახლეობის უდიერი დამოკიდებულება განაპირობებს. მამუკა ბოკუჩავა ამ მიდგომას ასე ახასიათებს: „მთელ ჩემს ნათესაობას აქვს ეს პრობლემა და მაინც ცოცხლები ვართ“. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო, ექიმის თქმით, პაციენტების დიდი ნაწილი მიდის იმ მდგომარეობამდე, როცა მათ სხვადასხვა სახის ჩარევა სჭირდებათ.
რაც შეეხება კოვიდპანდემიის პერიოდში თრომბოზების განვითარებას, ექიმების განცხადებით, ძალიან ბევრი პაციენტი სამედიცინო დაწესებულებებს სხვადასხვა სიმპტომით აკითხავდა – მაგალითად კიდურის შეშუპებით, რის შემდეგაც ხდებოდა ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოსტირება და აღმოჩნდებოდა, რომ პაციენტს კოვიდი აქვს.
მედიკოსების რჩევაა, პაციენტმა მიიღოს წყალი და დაიცვას სითხის ბალანსი, რაც იმის განმაპირობებელია, რომ პლაზმა და სისხლის ფორმიანი ელემენტების შეფარდება – ჰემატოკრიტის მაჩვენებელი იყოს იმ დონეზე, რაც ადამიანს სჭირდება.
ამასთან, მამუკა ბოკუჩავა აცხადებს, რომ კოვიდის დროს ძალიან პოპულარული, დედიმერის ანალიზის უსაფუძვლოდ გაკეთება აზრს მოკლებულია, რადგან არ არსებობს ლაბორატორიული ან ინსტრუმენტული გამოკვლევა, რომელიც თრომბოზის განვითარების რისკს აჩვენებდა. დედიმერის ანალიზის გაკეთებას კი აზრი აქვს, თუ უკვე არსებობს თრომბოზი. ექიმი იმ რისკებსაც ჩამოთვლის, რომელთა თანხვედრის დროსაც თრომბოზის განვითარების საფრთხე არსებობს – ესენია გაუწყლოვება, ვარიკოზის არსებობა, ორსულობის მესამე ტრიმესტრი და მშობიარობა.