საქართველოს უახლოეს პერიოდში იქნება სპეციფიკური პისიარ-ტესტები, რომელთა საშუალებითაც მაიმუნის ყვავილის იდენტიფიცირება მოკლე დროში, 2-3 საათში ხდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანამ გააძლიერა ზედამხედველობა გამონაყრით მიმდინარე დაავადებებზე და ლუგარის ლაბორატორიაში არის შესაძლებლობა, დადგინდეს აღნიშნული ვირუსი.
გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს ნამუშევარი აქვს ორტოპოკ (ანუ ადამიანის ნატურალური ყვავილით გამოწვეულ) ვირუსებზე და არსებობს ე.წ. პრაიმერები, რომლითაც ხდება ამ ვირუსების გამოკვლევა, მათ შორის გენომის სეკვენირებით. ხდება მაიმუნის ყვავილის სეკვენირებაც, თუმცა ამას სჭირდება რამდენიმე დღე, ხოლო პისიარ-ტესტს, რომელსაც ახლა ქვეყანა ელოდება, ვირუსის 2-3 საათში დადგენა შეუძლია.
გამყრელიძის თქმით, მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი ქვეყანაში დაბალია, თუმცა გამოვლენის შემთხვევაში პაციენტის 21-დღიანი იზოლაცია მოხდება.