საქართველოში სხვადასხვა სახის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 2015-2021 წლებში, ყოველწლიურად, 10073-დან 11380-მდე მერყეობს. 2021 წელს რეგისტრირებულია კიბოს 10432 ახალი შემთხვევა, ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 მოსახლეზე არის 281.3.
ამის შესახებ აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ კრებულში „ავთვისებიანი სიმსივნეები საქართველოში 2015-2021“.
ქალებში კიბოს 5 ყველაზე მაღალი ავადობის ლოკალიზაციაა: სარძევე ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი, კოლორექტუმი, საშვილოსნოს ტანი, საშვილოსნოს ყელი.
კაცებში კიბოს 5 ყველაზე მაღალი ავადობის ლოკალიზაციაა: წინამდებარე ჯირკვალი, ტრაქეა, ბრონქი, ფილტვი, შარდის ბუშტი, კოლორექტუმი, ხორხი.
სიმსივნის გამოვლენის სიხშირე ყველაზე მაღალი გვიან სტადიებზეა.
2021 წელს, დაავადების I და II სტადიაზე რეგისტრირებულია ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 38.2%; III და IV სტადიებზე – 38.6%.
2021 წელს, საქართველოში, კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 7388 ადამიანი, მათ შორის უმეტესი წილი ტრაქეა, ბრონქის, ფილტვის კიბოზე (14%) და სარძევე ჯირკვლის კიბოზე (10%) მოდის.
კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დაახლეობით 1/3 განპირობებულია 5 წამყვანი ქცევითი და დიეტური რისკ-ფაქტორით: ჭარბწონიანობა, ხილის და ბოსტნეულის არასაკმარისი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, თამბაქო და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.
თამბაქოს მოხმარება კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, კიბოთი სიკვდილიანობის 22% თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება.