საჯარო სპორტული ობიექტების მომსახურებით ძალიან ცოტა ადამიანი სარგებლობს, კერძოდ: 5-დან 14 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 8%, 15-დან 24 წლის ჩათვლით – 4%, 25-დან 34 წლის ჩათვლით – 2%, სხვა ასაკობრივი ჯგუფების მიერ საჯარო სპორტული ობიექტების მომსახურებით სარგებლობის წილი კი 1%-ზე ნაკლებია.
ამის შესახებ ორგანიზაციის „სპორტი განვითარებისთვის – საქართველო” კვლევაშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, 2012–2021 წლების განმავლობაში სახელმწიფომ ცენტრალური და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან (მათ შორის, დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარების ფარგლებში) 364 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა სპორტული ობიექტების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის. 2022–2025 წლებში იმავე მიზნისთვის საჯარო უწყებები დაახლოებით 586,674,586 ლარის დახარჯვას გეგმავენ. ამ ფინანსური რესურსით უნდა აშენდეს 50 ახალი სპორტული ობიექტი, 27 ობიექტს კი რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს.
საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია მიზანმიმართული სტრატეგია ან მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს სპორტის მეშვეობით საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას.
საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება არ ეფუძნება წინასწარ შემუშავებულ და დამტკიცებულ სტრატეგიას ან გეგმას, რომელიც განსაზღვრავს ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პრინციპებსა და მიდგომებს. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს ცენტრალური ხელისუფლების დაკვეთით კომპანია „ლიდერა სპორტ კონსალტინგ-საქართველომ“ შექმნა „საქართველოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მართვის 2020-2030 წლების სტრატეგიის და განხორციელების სამოქმედო გეგმის“ პროექტი, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მთავრობას არ აქვს დამტკიცებული ეს დოკუმენტები;
ქვეყნის მასშტაბით სპორტული ობიექტების მშენებლობასა და რეაბილიტაციას სპორადული ხასიათი აქვს. გამოწვევაა საჯარო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის პრაქტიკის სისუსტე.
ხშირ შემთხვევაში სპორტული ობიექტის მოწყობა-მშენებლობის ან არსებული ობიექტის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება, უმასპინძლოს საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებას, ან პოლიტიკოსის/პოლიტიკოსების სუბიექტური გადაწყვეტილებები.
დამკვიდრებული პრაქტიკით, სპორტული ობიექტის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება არ ეფუძნება არსებული საჭიროებებისა და პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების შედეგებს. საჯარო უწყებები დაგეგმილ კაპიტალურ პროექტებთან დაკავშირებით არ მიმართავენ სიღრმისეული კვლევების/შეფასების პრაქტიკას.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული დარგობრივი სამართლებრივი ბაზა არ ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და ნორმებს სპორტული ობიექტებისთვის და არ ახდენს მათ კატეგორიზაციას.
სპორტზე პასუხისმგებელ სამინისტროს არ გააჩნია ქვეყანაში არსებული საჯარო სპორტული ობიექტების აღრიცხვიანობის გამართული სისტემა. ხელმისაწვდომი არ არის ინფორმაცია მოქმედი სპორტული ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით სპორტის სფეროს სამართლებრივი ბაზა არ ადგენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და ვალდებულებებს შესაბამისი საჯარო დაწესებულებებისთვის.
სპორტული ობიექტის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესში გამოწვევაა შემსყიდველი საჯარო ორგანოს მიერ არასრულყოფილად და არასაკმარისად დეტალურად გაწერილი ტექნიკური დავალება. ხშირია შემთხვევები, როდესაც საპროექტო დოკუმენტაციის საბოლოო მასალები არაკვალიფიციურად არის მომზადებული.
სპორტული ობიექტების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ხშირ შემთხვევაში არ მონაწილეობენ სპორტული ფედერაციებისა (ასოციაცია, კავშირი, კომიტეტი და სხვა) და შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციათა წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებები არ იყენებენ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრაქტიკას. საქართველოში არ გვხვდება მაგალითი, როდესაც სპორტზე პასუხისმგებელმა საჯარო დაწესებულებამ მიზანმიმართულად შექმნა კერძო სექტორის ხელშემწყობი პირობები სპორტული ობიექტის დაპროექტებაში/მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელებისთვის ან აშენებული ობიექტის მართვის უფლების მოპოვებისთვის (საჯარო ინტერესის რეალიზებისთვის).
მოქმედი სპორტული ობიექტების დაახლოებით 70% არ აკმაყოფილებს სპორტის შესაბამისი სახეობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ საერთაშორისო ღონისძიებების გამართვისთვის დადგენილ სათანადო სტანდარტებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალი სპორტული ობიექტი დაბალი ხარისხის კონსტრუქციებისა და მასალის გამოყენებითაა აშენებული.
მოქმედი სპორტული ობიექტების დაახლოებით 25%-ია პანდუსით აღჭურვილი. შშმ პირთათვის ადაპტირებული ან ნაწილობრივ ადაპტირებული გასახდელები და საშხაპე აქვს ობიექტების მხოლოდ 15%-ს, ხოლო უსინათლოთათვის/შეზღუდული მხედველობის მქონე პირთათვის ადაპტირებულია მხოლოდ 2 სპორტული ობიექტი.
მოქმედი საჯარო სპორტული ობიექტების უმეტესობა მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობისთვისაა შექმნილი და არ არის გათვლილი მასობრივი სარგებლობისთვის.
133 საჯარო სპორტული ორგანიზაციიდან, რომლებიც 506 სპორტულ ობიექტს განკარგავენ, მხოლოდ 4-მა დაადასტურა, რომ აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა ან ბიზნესგეგმა, რომლის საფუძველზედაც ახორციელებს საქმიანობას. დაბალია სპორტული ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხიც. ორგანიზაციების მხოლოდ 6%-ს აქვს მოქმედი ოფიციალური ვებგვერდი.
2021 წლის მონაცემებით, საჯარო სპორტული ორგანიზაციების შემოსულობები 63,390,000 ლარს აღემატება. ორგანიზაციების მთლიან შემოსულობებში საკუთარი შემოსავლების წილი 27%-ს შეადგენს, რაც ნომინალურ ღირებულებაში 17,234,900 ლარია. 133 სპორტული ორგანიზაციიდან 102 მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საჯარო ხელისუფლების სუბსიდიაზე, კერძოდ, ამ ორგანიზაციებში სუბსიდიის წილი 90%-დან 100%-მდეა.
საჯარო სპორტული ობიექტების მომსახურებით ძალიან ცოტა ადამიანი სარგებლობს, კერძოდ: 5-დან 14 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 8%, 15-დან 24 წლის ჩათვლით – 4%, 25-დან 34 წლის ჩათვლით – 2%, სხვა ასაკობრივი ჯგუფების მიერ საჯარო სპორტული ობიექტების მომსახურებით სარგებლობის წილი კი 1%-ზე ნაკლებია.
თვალში საცემია სპორტული ობიექტების ბენეფიციართა გენდერული უთანაბრობა. მომხმარებლებს შორის მდედრობითი სქესის მონაწილეთა განსაკუთრებით დაბალი ჩართულობა (მამრობითი სქესის ბენეფიციართა რაოდენობასთან შედარებით) ფიქსირდება შემდეგ რეგიონებში: ქვემო ქართლი (7.6%), გურია (11.4%), კახეთი (12.5%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (14.2%), შიდა ქართლი (16.1%), იმერეთი (17%), სამცხე-ჯავახეთი (18.6%).
საყურადღებოა სპორტში შშმ პირთა ჩართულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. საქართველოში სპორტული ობიექტების მომსახურებით სარგებლობს 295 შშმ პირი (40 ქალი და 255 მამაკაცი), რაც რეგისტრირებულ შშმ პირთა 0,5%-ზე ნაკლებია. ბენეფიციართა უმრავლესობა – 206 პირი (70%) ფიქსირდება თბილისში, სადაც ისინი სპეციალიზებული სპორტული ობიექტის – ა(ა)იპ „თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის“ მომსახურებით სარგებლობენ.
კვლევის ფარგლებში გამოვლენილი გარემოებებისა და ნაკლოვანებების გათვალისწინებით მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება სპორტის პოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენება, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის საჯარო და დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დაფინანსების ეფექტიანობისა და სარგებლიანობის გაუმჯობესება, აგრეთვე სპორტული ობიექტების მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ხელმისაწვდომობის ზრდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას განიხილავს.
დოკუმენტზე მუშაობა ჯანმოს საქართველოს წარმომადგენლობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, 7 თვის წინ დაიწყო.
სტრატეგიის მომზადებაში სხვადასხვა სექტორია ჩართული.
დოკუმენტის თანახმად, 2030 წლისთვის არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი 15%-ით უნდა შემცირდეს მოზარდებსა და ზრდასრულებში.