საქართველოში მინიმუმ ერთი აცრა 2148 ორსულს აქვს ჩატარებული, მათგან, 7 სექტემბრის მონაცემებით, 147 ორი დოზითაა აცრილი. ამის შესახებ მეან-გინეკოლოგმა ლალი ფხალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ორსულებში ვაქცინაციის გააქტიურება ორსულთა გარდაცვალების მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება – მედიკოსის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდ 19-მა 15 ორსული იმსხვერპლა.
ლალი ფხალაძემ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე კოვიდ 19-სა და ვაქცინაციის გავლენაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინის შედეგად ამ სისტემებზე რაიმე გავლენის არსებობა დადასტურებული არ არის, კორონავირუსის ნეგატიური ზეგავლენის შესახებ კი სამედიცინო საზოგადოებაში უკვე მრავალი ფაქტი დაგროვდა.
მისი თქმით, ვირუსის მიმდინარეობის დროს და მისი გადატანიდან მცირე ხანში ორგანიზმში ჰორმონალური ძვრები აღინიშნება. ამასთან, მამაკაცებთან დაკავშირებით ამ კუთხით მონაცემი უფრო ბევრია და – არცთუ სახარბიელო. როგორც ლალი ფხალაძემ აღნიშნა, აღნიშნული გართულებების სიმძიმე ვირუსის კლინიკური მიმდინარეობის შესაბამისია.
კერძოდ, მედიკოსის ინფორმაციით, კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსის ფონზე აღინიშნება ანთებითი ცვლილებები სათესლეებში, პროსტატაში, ფიქსირდება თრომბოზის ნიშნებიც, ასევე ცვლილებები სპერმის პარამეტრებში. თუმცა ექიმი ამბობს იმასაც, რომ რეალური და სრულყოფილი დასკვნების დადებას კიდევ წლები დასჭირდება. რაც შეეხება ვაქცინაციის გავლენას მამაკაცების რეპროდუქციულ სისტემაზე, მეან-გინეკოლოგის თქმით, არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ აცრის შემდეგ მამაკაცებში აღინიშნა სპერმის პარამეტრების დაქვეითება, მაგრამ როცა მკვლევარებმა ეს შედეგები გააანალიზეს, აღმოჩნდა რომ ეს რეაქციები უკავშირდებოდა ვაქცინაციის გვერდით გარდამავალ მოვლენებს, მათ შორის ტემპერატურის მომატებას. მაღალი ტემპერატურის დროს კი სხვადასხვა პარამეტრის დაქვეითება ყოველთვის ხდება.
„იმის გამო, რომ არ შეგვიძლია დაბეჯითებით ვისაუბროთ შორეულ რისკებზე, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მონაცემებით, რაც გვაქვს და იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც გვაძლევენ ავტორიტეტული საერთაშორისო საზოგადოებები,“- განაცხადა ლალი ფხალაძემ.
რაც შეეხება ქალებს, გინეკოლოგის განმარტებით, ივლისში საფრანგეთის მედიკამენტების ტერატოგენული ეფექტების (ემბრიონის ან ნაყოფის განვითარების შეფერხების ფაქტორები) შემსწავლელმა ცენტრმა განაახლა რეკომენდაციები, რომლებიც მაღალი დონის კვლევებს ემყარება. კერძოდ, გაანალიზდა ორსული ქალების მდგომარეობა, რომელთა ვაქცინაცია მოხდა ორსულობის სხვადასხვა ეტაპზე, შესწავლილ იქნა ამ ქალების ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა და არანაირი ტერატოგენული ეფექტი არ დადასტურებულა. ამასთან, იმ ქალების ბავშვები, რომლებიც პირველ და მეორე ტრიმესტრში აიცრნენ, ჯერ არ დაბადებულან, თუმცა ულტრასონოგრაფიული გამოკვლევების მიხედვით, რაიმე გავლენა არც მათ შემთხვევაში გამოვლენილა. შესაბამისად, ფხალაძის თქმით, ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების, მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის და ნაყოფისა და დედის მედიცინის საზოგადოების მიერ გაკეთდა ერთობლივი განცხადება, რომ ვაქცინაცია არის უსაფრთხო და არ მოგვეპოვება მტკიცე საფუძველი იმის სათქმელად, რომ ვაქცინა ორსულობის მიმდინარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ამასთან, ლალი ფხალაძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს უფრო მეტად აინტერესებთ არა ის, ვირუსი რა გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, არამედ ის, რა გავლენას აცდენს ვაქცინა ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. რეალურად კი, გინეკოლოგის თქმით, ორსული დედების ინფიცირების გამო თავად ქალისა და ნაყოფისთვის მიყენებული ზიანის შესახებ მონაცემები მრავლადაა. ის ჩამოთვლის კოვიდ ინფექციასთან დაკავშირებულ გართულებებს, როგორიცაა დაავადების მძიმე მიმდინარეობის ფონზე სიკვდილობის რისკის გაზრდა, ნაადრევი მშობიარობის, მკვდრადშობადობის, პრეეკლამფსიის გაზრდილი საფრთხე. ასევე არსებობს კვლევები კოვიდინფექციის გავლენაზე ნაყოფის ჯანმრთელობაზე, კერძოდ, ხშირია დისტრეს-სინდრომი, აპგარის დაბალი ქულა (ახალშობილების მდგომარეობის შეფასება დაბადებისთანავე, 5 კრიტერიუმით, მათ შორის გულისცემის სიხშირე, რეფლექსური აქტივობა, სუნთქვა), ხშირია მცირე მასის შემთხვევებიც.
ამასთან, ლალი ფხალაძის შეფასებით, არსებობს მთელი რიგი რისკ ფაქტორები, რომლებიც განიხილება როგორც დამამძიმებელი გარემოებები ორსულობის პერიოდში: ორსულების ასაკი 35 წელს ზემოთ, სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპერტენზია.
„მეც მაქვს ადამიანური კითხვები ვაქცინებთან დაკავშირებით, მაგრამ თუ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას გავითვალისწინებთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს. 15 გარდაცვლილი ორსული – ესაა ძალიან მძიმე მონაცემი. ერთადერთი საშუალება რაც ნამდვილად იცავს მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილობისგან, ვაქცინაა,“- განაცხადა ლალი ფხალაძემ.
შეგახსენებთ: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში 20 ათასიდან 25 ათასამდე ორსულია. შესაბამისად, მათ შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი 9-დან 10 პროცენტამდეა.