ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმას გეგმავს, რაც გულისხმობს ოჯახის ექიმის როლის გაძლიერებას და სამედიცინო საჭიროებების მართვას.
ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგა ბუკია რეფორმას მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ცვლილებად მიიჩნევს:
,,სამწუხაროდ, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემის პრობლემა ბოლო 20–25 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე რეგრესმა გამოიწვია. უდავოდ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ბოლო 2–3 წლის განმავლობაში ამოქმედდა. ამოქმედებულმა სისტემამ კი გვიჩვენა, რომ ქვეყანაში მოსახლეობის ძალიან დიდი პროცენტი უკვე ქრონიკული დაავადებების მატარებელია და ამ ადამიანებს პირდაპირ ჰოსპიტალებში უწევთ მკურნალობა.
საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ჯანმრთელობის პროფილაქტიკა არის ერთ–ერთი ყველაზე ფუნდამენტალური და ამავე დროს, ეკონომიურად გამართლებული მიდგომა. პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა მიდიოდეს ყველა მოქალაქე ოჯახის ექიმთან და იტარებდეს სავალდებულო კვლევებს, აბარებდეს ანალიზებს და ა.შ. რაიმე ტიპის დარღვევის გამოვლენისთანავე დაწყებული მკურნალობა კი ლოგიკურია, რომ ამცირებს დაავადების პროგრესირების შანსს და ასევე მკურნალობისთვის გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება, როგორც პაციენტის, ისე სახელმწიფოს მხრიდან.
სამწუხაროდ, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით შეადგენს მთელი მოსახლეობის 10%–ზე ნაკლებს, როცა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 80–90%–ს აღემატება. სწორედ ამ მაჩვენებლის ზრდას ისახავს მიზნად პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმა.
სწორედ ჯანდაცვის პირველადი რგოლის ხარისხიან მუშაობაზე არის დამოკიდებული საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარისხი და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობა. გამართული სისტემის შემთხვევაში მივალთ იმ შედეგამდე, რომ სტაციონალურ მკურნალობას უფრო და უფრო ნაკლები პაციენტი საჭიროებდეს“, – აცხადებს ბუკია.
– თქვენი აზრით, რამდენად სწორი მიდგომა აქვს შერჩეული სამინისტროს ამ პრობლემის გაუმჯობესებისთვის?
– ძალიან მომწონს დავით სერგეენკოს მიდგომა საკითხისადმი. პირადად მე გაცილებით ადრე ვიცოდი, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური რეფორმა უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მინისტრი იმდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს, რომ ინფორმაცია იქამდე არ გაასაჯაროვა, ვიდრე ყველა დოკუმენტს ხელი არ მოეწერებოდა ყველა ოფიციალური პირის მიერ.
მოგეხსენებათ, სამინისტროს არამარტო ქართველი სფეროს სპეციალისტები, არამედ უცხოელი ექსპერტები უდგანან გვერდში. გლობალ ალიანსი (GAHSC) გვეხმარება როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელების, ისე ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით წამოწყების კუთხით.