ისევე როგორც დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოშიც ფილტვის კიბოს სკრინინგი უნდა ტარდებოდეს. ამის შესახებ ონკოლოგმა ივანე კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ფილტვის კიბო არის ვერაგი დაავადება, რომლის პრევენციაც უპრობლემოდ შეიძლება, რადგან მის გამომწვევ მიზეზებს შორის 90% თამბაქოს მოხმარებაზე მოდის.
„მოჰყავთ პაციენტების მაგალითები, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ, მაგრამ მაინც დაემართათ ეს დაავადება. ცხადია, არის შემთხვევების 10%, რომელიც სხვადასხვა ფაქტორთანაა დაკავშირებული – პირველ რიგში ჰაერის დაბინძურებასთან. სამწუხაროდ, თბილისსა და სხვა ქალაქებში ამ კუთხით არ არის სახარბიელო მდგომარეობა,“ – განაცხადა კილაძემ.
მისი თქმით, ამერიკაში კიბოს ფიlტვის შემთხვევების სიხშირე ქვემოთ მოდის, რისი მიზეზიც თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის გააქტიურებაა.
რაც შეეხება სიმპტომებს, ონკოლოგის განცხადებით, დაავადებას ახასიათებს სისხლიანი ნახველი, სუნთქვის პრობლემები, უჰაერობა და ზოგადად ნებისმიერი პრობლემა, რომელიც სუნთქვასთანაა დაკავშირებული. დაავადებას ასევე ახასიათებს საერთო სისუსტე და წონაში კლება.
კილაძის თქმით, დაავადების სივერაგე იმაში გამოიხატება, რომ მისი დიაგნოსტირება ადრეულ სტადიებზე არ ხდება და გვიან სტადიაზე ვლინდება. ამიტომ ონკოლოგი სკრინინგის პროგრამის ამოქმედების აუცილებლობაზე საუბრობს და ამის არგუმენტად მოჰყავს სტატისტიკა, რომლის თანახმად საქართველოში, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით კიბოს ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა 3-4-ჯერ ნაკლებია და 6-8%-ს შეადგენს.
„მსოფლიოში დადასტურდა, რომ სკრინინგი ეფექტიანია. არის ჯანმრთელი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი – მწეველები, 30 წელზე მეტი ასაკის, რომელთა პერიოდული შემოწმება ხდებოდა წლების განმავლობაში და აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყნებში სკრინინგმა იმუშავა და სიკვდილიანობა შეამცირა. მომავალი ამისკენ მიდის და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იყოს სკრინინგ პროგრამა,“- აღნიშნა ონკოლოგმა.
მისი თქმით, ადრეული სკრინინგის ეფექტიანობას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ პანდემიის პერიოდში, როცა კომპიუტერული ტომოგრაფია რუტინულად კეთდებოდა, ასეთი კვლევის დროს ფილტვის კიბოს აღმოჩენის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
2020 წელს საქართველოში ფილტვის კიბოს დიაგნოზი 511 მამაკაცს და 89 ქალს დაუსვეს. დაავადება ძირითადად გვხვდება ასაკოვან, 70 წელს გადაცილებულ პაციენტებში
თანმდევი დაავადებების ფონზე.