ბოლო კვლევით, რომელიც ამ ეტაპზე არსებულ მონაცემებს ასახავს, საქართველოში მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის აქტიური შემთხვევების გავრცელებამ 1.8% შეადგინა, ხოლო ბავშვებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
ამ მონაცემებს ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიმდინარე წელს, ჰეპატიტის მსოფლიო დღის სლოგანია – „ჰეპატიტის სერვისები მოსახლეობასთან კიდევ უფრო ახლოს!“ (Bringing hepatitis care closer to you!) და მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ჰეპატიტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, მზრუნველობის სერვისების მიღების გამარტივებას პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში და საავადმყოფოების მიღმა – თემზე დაფუძნებულ სერვისის მიმწოდებლებში, რათა მოსახლეობისთვის, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, ადვილად ხელმისაწვდომი იყოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით უზრუნველყოფილი მომსახურება.
მსოფლიოში შეფასებითი რიცხვით დღეისათვის 354 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ვირუსული ჰეპატიტით და დაახლოებით 1 მილიონი კვდება მისი გართულების – ღვიძლის კიბოსა და ციროზის მიზეზით.
საქართველოში 2015 წლიდან ამოქმედდა C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა.
ქვეყანაში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შეფასების, ასევე B და C ჰეპატიტების გავრცელებისა და რისკ-ფაქტორების შესწავლის მიზნით, CDC-ის მხარდაჭერით, 2021 წელს საქართველოში ჩატარდა SARS-CoV-2-ისა და ვირუსული B და C ჰეპატიტების სეროპრევალენტობისა და რისკის ფაქტორების პოპულაციური კვლევა. კვლევის მონაცემებით, მოზრდილ მოსახლეობაში C ჰეპატიტის აქტიური შემთხვევების გავრცელებამ 1.8% შეადგინა, ხოლო ბავშვებში შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 6 წლის მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელებამ 67%-ით იკლო (5.4% 2015 წელს და 1.8% 2021 წელს). კვლევამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა B ჰეპატიტის მხრივაც. ტესტირებულთა შორის ბავშვებში B ჰეპატიტის მხოლოდ ერთი შემთხვევა დადასტურდა (0,03%), რაც ვაქცინაციის პროგრამის წარმატებულ მიმდინარეობაზე მიუთითებს.
„ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში არის გლობალური ჯანმრთელობისთვის მაგალითი, რომელიც აჩვენებს პარტნიორობის, პოლიტიკური მხარდაჭერის, ინვესტიციებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქსელის გაძლიერების მნიშვნელობას ელიმინაციის პროგრამების წარმატებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მიაღწევს C ჰეპატიტის ელიმინაციას,“ – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.