პაციენტებს კვლევები უნდა გამოუწეროს ოჯახის ექიმმა და ანალიზების პასუხის ინტერპრეტაციაც ექიმის მიერ უნდა მოხდეს. ამის შესახებ ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტმა, მედიცინის დოქტორმა ნინო ღულათავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 5 წელია პაციენტები დადიან სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში და გადამოწმების მიზნით, ერთი და იგივე კვლევას იკეთებენ სხვადასხვა ლაბორატორიაში, რაც გაუმართლებელი და შეცდომაში შემყვანი პრაქტიკაა.
„სამწუხაროდ, ვერასდროს ვერ მოხდება ისე, რომ კვლევების მაჩვენებელი აბსოლუტური სიზუსტით დაემთხვეს ყველა ლაბორატორიაში, რადგან ლაბორატორიები იყენებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს, სხვადასხვა რეაქტივებს და ხელმძღვანელობენ სხვადასხვა გაიდლაინით. მნიშვნელოვანია, პაციენტის მომზადება არასწორად არ მოხდეს, ასევე მთავარია, რა პერიოდი გავიდა ამ შემოწმებებს შორის – ზოგი პაციენტი ერკვირიანი ინტერვალებითაც კი იმოწმებს ანალიზებს და გვეუბნება – 7 პასუხი მაქვსო. რომ დააკვირდები, ეს კვლევები სხვადასხვა დროსაა გაკეთებული, ასევე არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებიც არ იყო გათვალისწინებული. ესაა ძალიან ცუდი ფაქტი, რომელიც არ უნდა გაკეთდეს და არ არის სწორი,“ – განაცხადა ღულათავამ.
მისი რეკომენდაციაა, ანალიზების გაკეთება გავაგრძელოთ იმ ლაბორატორიაში, სადაც წლებია დავდივართ და უნდა გავიკეთოთ შესაბამის დროს. რაც მთავარია, კვლევის შედეგები ექიმმა უნდა შეაფასოს, რადგან სწორედ ექიმმა იცის, აქვს თუ არა პაციენტს რაიმე ქრონიკული დაავადება, ჰქონდა თუ არა წინა პერიოდში რომელიმე ვირუსული დაავადება, იღებს თუ არა მედიკამენტებს და ა.შ. ეს ყველაფერი მოქმედებს შედეგზე, რისი გაანალიზებაც პაციენტს არ შეუძლია და ამის გამო პასუხებს შორის განსხვავება მასში უკმაყოფილებას და აგრესიას იწვევს. ასევე იწვევს ხარჯს, რომელიც არცთუ მცირეა, რადგან მსგავსი ანალიზები საკმაოდ ძვირი ღირს.
ნინო ღულათავას თქმით, ანალიზის წინა-ფაქტორები კვლევის შედეგებზე 75%-იან გავლენას ახდენს. ამ ფაქტორებს შორის კი, ზემოთჩამოთვლილის გარდა, არის დროის სხვადასხვა მონაკვეთი. მაგალითად, რკინიგს კონცენტრაციის პიკი არის დილის 4-8 და საღამოს 8-10 საათები. ამიტომ ამ ანალიზს ექიმები, როგორც წესი, საღამოს საათებში ნიშნავენ. საათობრივ ფაქტორზეა დამოკიდებული კორტიზონისა და პროლაქტინის ანალიზის პასუხებიც. ასევე მნიშვნელოვანია სტრესის ფაქტორიც.
ღულათავა ასევე ყურადღებას ამახვილებს კვებაზე და ამბობს, რომ თუ მაგალითად სისხლის საერთო ანალიზი გადაუდებელი არ არის, ის დილით მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა ჩავიტაროთ. ცდომილების თავიდან ასაცილებლად კი არ უნდა მივიღოთ ცხიმიანი საკვები, ასევე ალკოჰოლი.
მედიკოსის რჩევაა, დამოუკიდებლად არ დავიწყოთ ანალიზების გადამოწმება და მათი როგორც დანიშვნის, ისე შეფასების უფლება მხოლოდ ექიმს მივცეთ.