2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7257 – მამაკაცი და 2457 – ქალია. 2059 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ცენტრი ავრცელებს. სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ ინფექციის 552 ახალი შემთხვევა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა.
თბილისის ინფექციური კლინიკის მონაცემებით, ანტირეტროვირუსულ თერაპიას ამ ეტაპზე 5968 პაციენტი იტარებს, მათ შორის 43 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 33.5 % – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 51.5 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.8 % – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან; 1.2 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.
რაც შეეხება აივ/შიდსით რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას: ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3659 შემთხვევა, მათგან 99 უცხოეთის მოქალაქეა; 2 დაუდგენელი); შემდეგ სამეგრელოში 1264; იმერეთში 1169; აჭარაში 1130; აფხაზეთში (546); კახეთში (484) ქვემო ქართლში (578); შიდა ქართლში (374); გურიაში (208); სამცხე- ჯავახეთში (137) და ა.შ.
„აივ ინფექციის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ გამოვლენაზე/დიაგნოსტირებაზე, ეფექტიან მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამყარებული. აივ ინფექციის პანდემიის დამარცხება შესაძლებელი იქნება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები სისტემატიურ ხასიათს მიიღებს, მოიცავს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი სამიზნე (რისკის) ჯგუფების დიდ ნაწილს და ფოკუსირებული იქნება აივ ინფექციის გადაცემის ყველა შესაძლო გზის შეჩერებაზე.
ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია!“ – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა.
შიდსის ცენტრის ცხელი ხაზია: 2 39 80 18