მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება

საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება

ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით საინფორმაციო კამპანიები სწორად და გრძელვადიანად უნდა დაიგეგმოს. ამის შესახებ ფსიქიატრი გუგა სიხარულიძე საუბრობს.

მისი თქმით, საქართველოში ამ სფეროში ერთერთი ყველაზე რთულია სტიგმის დაძლევა. ფსიქიატრის განცხადებით,  სტიგმა ხშირად ხელს უშლის ადამიანს, სწორი ნაბიჯები გადადგას, მიმართოს შესაბამის სპეციალისტს და პრობლემაც დაამარცხოს.

„სტიგმის დასაძლევად აუცილებელია კომპლექსური  ღონისძიებების დაგეგმვა – პირველ რიგში ეს მოიცავს სწორ საგანმანათლებლო და საინფორმაციო პოლიტიკას, რათა ადამიანებს მიეწოდოს ინფორმაცია, რომ ფსიქიკური დარღვევა – ნებისმიერი სირთულის – არაა მოუგვარებელი პრობლემა. მეორე – არასწორი ინფორმაცია, თითქოს ფიზიკური დაავადება შესაძლოა განიკურნოს და ფსიქიკური – არა. ეს არასწორია და ფსიქიკური დაავადება ისევე შეიძლება განიკურნოს და ხშირ შემთხვევაში უფრო წარმატებით, ვიდრე ბევრი სომატური დაავადება. მეორე – ესაა პიროვნების მიერ ფსიქიკური დარღვევის საკუთარ სისუსტესთან ასოცირება ანუ როცა ადამიანს მიაჩნია, რომ როდესაც მას აქვს შფოთვა და დეპრესია, ძილის დარღვევა, ხასიათის ადვილად ცვალებადობა და ა.შ. – ესაა  მისი სისუსტე. ეს არასწორია, რადგან ფსიქიკური დაავადება არის ისეთივე ბიოლოგიურ მექანიზმებზე დაფუძნებული დაავადება, როგორც მაგალითად წნევა, კუჭის გასტრიტი და ა.შ. ეს არ არის კავშირში ჩვენ პიროვნულ მახასიათებლებთან – სიძლიერესთან ან სისუსტესთან,“ – განაცხადა გუგა სიხარულიძემ.

მისი თქმით, ამ კუთხით პოლიტიკის დაგეგმვა სახელმწიფოს დონეზე უნდა მოხდეს, რადგან ფრაგმენტული კამპანიები არაა საკმარისი შედეგის მომტანი, ამ საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ექსპერტთა ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ერთობლივად დაიგეგმოს სერიოზული ღონისძიებები.

როგორია სახელმწიფოს ხედვა ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით – ამის შესახებ საუბარია  საქართველოს 2022 − 2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში.

სტრატეგიაში ნათქვამია, რომ  საფრანგეთის განვითარების სააგენტოს – Expertise France მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის სულ მცირე 5%-ს აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა.

„დეპრესიული აშლილობის ეპიზოდების მაჩვენებელი უკანასკნელი თორმეტი თვის განმავლობაში შეადგენს 3.03%-ს. საქართველოს მოსახლეობის 2.01%-ს ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში აღენიშნება შფოთვითი აშლილობის ზოგადი სიმპტომები. არსებული სუიციდური ფიქრების სიხშირე საკმაოდ მაღალია და თითქმის თანაბარია ქალებსა და კაცებში  (14.0%). ჯანმოს მიერ სუიციდის გავრცელების მაჩვენებელი საქართველოში შეფასებულია (სტანდარტიზებული) 4.5 ადამიანით ყოველ 100 000 პირზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო სრულად ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრევენციის, მკურნალობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარჯებს. 2021 წელს მომზადდა და დამტკიცდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია 2022-2030, რომლის გრძელვადიან ხედვას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების პატივისცემა,  ცხოვრების უმაღლესი ხარისხის მიღწევის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირების გზით,“ – ნათქვამია დოკუმენტში.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …