მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » საქართველო ამბროზიის ყვავილობის პიკში იმყოფება – იმიუნოლოგიის ცენტრის გაფრთხილება

საქართველო ამბროზიის ყვავილობის პიკში იმყოფება – იმიუნოლოგიის ცენტრის გაფრთხილება

საქართველო ამ ეტაპზე ამბროზიის ყვავილობის პიკში იმყოფება. საქართველო ამბროზიის ენდემურ კერად ითვლება და ის ჭარბად არის გავრცელებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქში. ამის შესახებ განცხადებას ალეეგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, ამბროზიის მიმართ ალერგია შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:

ცხვირიდან უხვი წყლისებრი გამონადენი (პაციენტებს შეიძლება რამდენიმე კოლოფი ცხვირასახოცის გახარჯვა მოუხდეთ დღეში);

ცხვირის გაჭედვა და სუნთქვის გაძნელება;

ცხვირის, თვალების, სასის, ყურების ქავილი;

თვალების სიწითლე, ცრემლდენა;

ხველა;

ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, გამონაყარი.

„თუ თქვენ წელიწადის ამ დროს გივლინდებათ ჩამოთვლილიდან რომელიმე/რამდენიმე სიმპტომი, ან წელს პირველად შენიშნეთ მათი არსებობა და გაგიხანგრძლივდათ დროში, მაშინ საჭიროა ჩაიტაროთ გამოკვლევა ხართ თუ არა ამბროზიის მიმართ ალერგიული. ტესტის ჩატარება შესაძლებელია ამბროზიის ყვავილობის დროს სისხლით, ამბროზიის ყვავილობის დასრულების შემდეგ სისხლით და კანის სინჯით,“ – ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, საქართველოში ალერგიის სამი სეზონი არსებობს – პირველი – ესაა ადრეული გაზაფხული, როდესაც ხე-მცენარეები იწყებენ ყვავილობას. ეს პერიოდი იწყება თებერვლის ბოლო პერიოდიდან და მთავარი ალერგენი კვიპაროსია, რომელიც აპრილის ბოლომდე-მაისის პირველ კვირამდე იყვავილებს. შემდეგ იწყება ბალახოვანი მცენარეების ყვავილობა და ამ დროს წამყვანია ტიმოთი, იგივე ტიმოთელა, რომელიც მაისი-ივნისი-ივლისის შუა პერიოდამდე ყვავილობს. მესამე სეზონი კი ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისზე მოდის და ამბროზიას უკავშირდება.

ბიძინა კულუმბეგოვი ასევე განმარტავს, რომ ხშირად ალერგიას გაციებით დაავადებებს მიაწერენ. თუმცა არსებობს სამი მარტივი პრინციპი, რომელიც გაციებით და ალერგიულ დაავადებებს ერთმანეთისგან განსხვავებს: 1. სეზონური ალერგია უფრო ხანგრძლივია, ვიდრე გაციების დროს, რადგან არცერთი მცენარე 1 კვირა და 10 დღე არ ყვავილობს მაშინ, როცა გაციებითი დაავადებები ძირითად ეს ვადაა დამახასიათებელი. 2. ალერგიის დროს გამონადენი არის წყლის მაგვარი და გამჭვირვალე, გაციების მე-2-მე-3 დღეს კი მისთვის სიბლანტე და სიყვითლეა დამახასიათებელი. 3. ალერგიას არასდროს არ ახლავს ტემპერატურული რეაქციები მაშინ, როდესაც  გაციებითი დაავადებები მცირე ტემპერატურით მაინც ხასიათდება.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …