ეკა ბესელია: სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ჯანმრთელობის უფლება დაცულია. პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამ სამუშაოებში ჩართულნი არიან ჯანდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსი“, პირველადი რგოლის ექიმები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პირველად რგოლს ჯანდაცვაში პრევენციის როლი ეკისრება, რათა დაავადების აღმოჩენა საწყის ეტაპზევე მოხდეს და პაციენტის მდგომარეობა არ გართულდეს. ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვა კარგადაა განვითარებული, შემცირებულია მეორეული და მესამეული სამედიცინო ჩარევები, რაც რთულ მკურნალობას და ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს, რადგან ნაადრევ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადების მკურნალობა უფრო მარტივია და თანაც იაფი.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.
„ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმაც ისეთივე უმნიშვნელოვანესი რეფორმაა, როგორიც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამებია. რეფორმები ჯანდაცვაში განსაკუთრებით და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ადამიანებისათვის. სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ჯანმრთელობის უფლება დაცულია და ვფიქრობ, ეს ჩვენი მოსახლეობისათვის მთავარია“,
– ამბობს ბესელია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების კომენტირებისას.