სეზონური ვირუსით დაავადებული 45 ადამიანიდან სასწრაფო დახმარების გამოძახება მხოლოდ 2-ს დასჭირდა და ამ ვირუსებში, რთული სიმპტომების მიუხედავად, საგანგაშო არაფერია.
ამის შესახებ ოჯახის ექიმმა თეა მარტიაშვილმა განაცხადა, რომელმაც გასულ კვირაში მის მიერ კონსულტირებული პაციენტების მაგალითით ისაუბრა ბინაზე მკურნალობის მნიშვნელობაზე.
მისი თქმით, გასულ კვირაში, როცა ის „მედკაპიტალში“ მორიგე იყო, 112-ის მიერ მათთან გადამისამართებული 45 პაციენტიდან ბინაზე წარმატებით იმართა 43 პაციენტი.
ექიმის ინფორმაციით, 112-ში დარეკვის შემდეგ მოქალაქის მონაცემებს ინიშნავენ და მოგვიანებით პაციენტს ექიმი უკავრშიდება რეკომენდაციების მიცემის მიზნით.
„ვირუსული ინფექციების უმრავლესობა არ საჭიროებს სპეციფიკურ მკურნალობას და შესაძლებელია ბინაზე მართვა და სიმპტომური მკურნალობის საფუძველზე სრული გამოჯანმრთელებით სრულდება. ადამიანებში შეშფოთებას იწვევს მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ექვემდებარება დამწევ საშუალებებს. მიდის ძლიერი თავის ტკივილით, მშრალი სპაზმური ხასიათის ხველით, ყელის ტკივილით, სახსრების და ყელის ძლიერი ტკივილით,“ – განაცხადა თეა მარტიაშვილმა.
მისი თქმით, სიფრთხილეა საჭირო ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებისას, რადგან დაინფიცირების პირველ ეტაპზე ხშირად არის მშრალი სპაზმური ხველა, ხოლო როცა პაციენტი ამოსახველებელ მედიკამენტს იღებს, ეს ხველის ინტენსივობას აძლიერებს. ამიტომ წამლის მიღებისას აუცილებელია კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან.
თეა მარტიაშვილი ასევე ამბობს, რომ განკურნების შემდეგ მცირე სიცხეების გაგრძელება, რაც შესაძლოა 2-3 კვირა გაგრძელდეს, საგანგაშო არაა.
„7-10 დღის შემდეგ პაციენტი გადამდებად აღარ ითვლება. როცა სიმპტომები აღარაა მძაფრად გამოხატული, ადამიანი გადამდები აღარ არის,“- განმარტა ექიმმა.