მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » სად და რა ფასადაა შესაძლებელი პირველადი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლა?

სად და რა ფასადაა შესაძლებელი პირველადი სამედიცინო დახმარების უნარების შესწავლა?

პირველადი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევების ათვისების მსურველთა რაოდენობა იზრდება, თუმცა მასობრივი ხასიათი ამას არ აქვს. ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში  ექსტრემალური მედიცინის ცენტრში აცხადებენ, რომელიც ბაზარზე 2022 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა და მოქალაქეებს პირველადი და ექსტრემალური სამედიცინო დახმარების სწავლებას სთავაზობს.

ორგანიზაციის მიზანია, მოსახლეობაში აამაღლოს საგანგებო სიტუაციებში სწორი სამედიცინო დახმარების უნარ-ჩვევები. როგორც ცენტრში აცხადებენ, ბაზარზე მსგავსი პროფილის სხვა ორგანიზაციებიცაა, თუმცა ექსტრემალური სამედიცინო ცენტრის სპეციფიკა და უპირატესობა კომპლექსური სწავლებაა, რომელიც მორგებულია თანამედროვე საფრთხეებზე და პროცესი მაქსიმალურად არის მიახლოებული რეალურ გარემოს. სწავლება მოიცავს თეორიულ, პრაქტიკულ და სიმულაციურ ნაწილებს.

 

ტარდება სხვადასხვა შინაარსის კურსები (“შეაჩერე სისხლდენა!”,,კრიტიკულ ვითარებაში დაშავებულის დახმარება“) რომლებიც გულისხმობს შემდეგი უნარ-ჩვევების დაუფლებას: მასიური სისხლდენის ამოცნობა (დაშავებულის შემოწმება), ქარხნული ტურნიკეტის (CAT) გამოყენება, იმპროვიზებული ტურნიკეტის (ლახტის) გამოყენება, ქარხნული და იმპროვიზებული დამწოლი სახვევების გამოყენება,  ჭრილობის ტამპონირება, დაშავებულის უსაფრთხო პოზიციაში მოთავსება,  ჰიპოთერმიის საპრევენციოდ/დასახმარებლად გასატარებელი მოქმედებები, პირველადი დახმარების პაკეტის დაკომპლექტება, 112-თან კომუნიკაცია, შემთხვევის/სცენის უსაფრთხოება.

სწავლებები მორგებულია თანამედროვე საფრთხეებზე და პროცესი მაქსიმალურად არის მიახლოვებული რეალურ გარემოს. ეფექტურობის გასაზრდელად გამოიყენება ხელოვნური სისხლი, ჭრილობის მულაჟები და დამატებითი სიმულაციური საშუალებები.

საწვრთნელი ჯგუფის მინიმალური რაოდენობა 10 ადამიანია, ხოლო მაქსიმალურის – 14.

სწავლების საფასური 200 ლარია. სწავლების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.

„ასეთი ტიპის სწავლებები რომ ჩავატაროთ, საკმაოდ დიდი მატერიალური  აღჭურვილობა, (მულაჟები, სამედიცინო დამხმარე საშუალებები როგორიცაა სისხლი, სხვადასხვა ატრიბუტები და ა.შ.)  და ადამიანური (ინსტრუქტორები, დამხმარე პერსონალი) რესურსია საჭირო. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ღირებულება ქონდეს. ანალოგიური ან უფრო დაბალი დონის სწავლებები დასავლეთში მინიმუმ 7-8-ჯერ ძვირი ჯდება, აქ ხარისხთან მიმართებაში წარმოუდგენლად იაფია.

უფასოდაც მრავალი სწავლება გვაქვს ჩატარებული და ჩვენ გვერდზეც საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას ვაქვეყნებთ სრულიად უსასყიდლოდ. დაფინანსების გარეშე ეს სფერო არ განვითარდება,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი ტრენინგები, საბაზისო საფეხურით დაწყებული და უფრო რთული სწავლებებით დასრულებული. ფასებიც შესაბამისია და 100 ლარიდან იწყება. დიდი აქცენტი კეთდება პრაქტიკულ და სიმულაციურ სწავლებებზე, რომლებსაც ტრენინგის ფარგლებში თეორიულ სწავლებაზე მეტი დრო უკავიათ. ტრენერები სამედიცინო განათლების მქონე პროფესიონალები არიან. რაც შეეხება მომხმარებლებს, ისინი, ძირითადად, მოლაშქრეები და სამხედრო პირები არიან. თუმცა ამ სერვისით ინტერესდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შეხება მაღალი რისკის პროფესიებთან და უბრალოდ, სურთ შესაბამისი უნარ-ჩვევების ქონა.

„მხოლოდ თეორიული ცოდნა არაფრის მომტანი არ არის. პრაქტიკული მეცადინეობაც კი ნაკლებად ეფექტიანია, თუ მას სიმულაციური სწავლება არ მოსდევს. სიმულაციური სწავლება გვეხმარება, ადამიანმა პირველი შეცდომები მულაჟებზე დაუშვას. გარდა ამისა, საჭიროა უნარ-ჩვევების განახლება-გადამეორება გარკვეული პერიოდულობით,“ – აცხადებენ ექსტრემალური მედიცინის ცენტრში. მათი თქმით, დღემდე მათი ორგანიზაციის სწავლებებში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …