საბავშვო ბაგა-ბაღებში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს მშობლების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. საუბარია იმაზე, რომ მთელ რიგ ბაღებში აქტივობებზე (რომლებმაც ტრადიციული „ზეიმები“ ჩაანაცვლა) მშობლების დასწრება აიკრძალა.
შეგახსენებთ, რომ ბაღებისთვის ამ ეტაპზე სავალდებულო კოვიდ-რეგულაციები აღარ მოქმედებს, თუმცა გარკვეული რეგულაციების შესრულება სარეკომენდაციო ხასიათისაა. აქედან გამომდინარე, ბაღების ადმინისტრაციას აქვს უფლება, მშობლებს ბავშვების აქტივობებზე დასწრება შეუზღუდოს. მართალია, მშობლების ნაწილი ამას აპროტესტებს, თუმცა ბაღების ნაწილი მსგავს რეგულაციას აუცილებლად მიიჩნევს ვირუსების პიკის პერიოდში. მათი არგუმენტია, რომ ვირუსების აქტიური ცირკულაციის პირობებში, ბავშვებისა და მშობლების ერთ სივრცეში თავშეყრა რისკებთანაა დაკავშირებული.
რაც შეეხება თავად აქტივობებს, სკოლამდელი დაწესებულებების ახალი სტანდარტის თანახმად, „ზეიმი” ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ფარგლებში საგანმანათლებლო პროცესის ერთ- ერთი საქმიანობაა და არა აუცილებელი ან სავალდებულო. როგორც ყველა აქტივობა, მასაც აქვს კონკრეტული მიზანი – ბავშვის ჰოლისტური განვითარება.
საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის განმარტებით, ადრე საზოგადოებაში დამკვიდრებული იყო „ზეიმის“ ისეთი პრაქტიკა, რაც ბავშვებს სტრესულ მდგომარეობაში აგდებდა, არა თუ ხელს უწყობდა მათ თავისუფალ განვითარებას, არამედ თრგუნავდა. სტრესული იყო წინა საზეიმო სამზადისი, როცა ბავშვები გადიოდნენ ხანგრძლივ რეპეტიციებს, იღლებოდნენ, ნერვიულობდნენ… დამთრგუნველი იყო მათი მაყურებლის წინაშე წარდგომა, სადაც ბავშვი ვერ ახერხებდა ნასწავლ მასალაზე კონცენტრაციას, ნერვიულობდა ტექსტზე, უცებ უარს ამბობდა ზეიმში მონაწილეობის მიღებაზე, მშობელი ღიზიანდებოდა. ეს კი, ნამდვილად ვერ ქმნიდა საზეიმო განწყობას. ზეიმის მოძველებული ფორმა გვიბიძგებდა იქითკენ, რომ მოგვეხდინა ჩვენი პატარების „ნიჭიერ“, „საშუალო“და ‘სუსტ“ ბავშვებად დაყოფა.
„საბავშვო ბაღში ზეიმი უნდა იყოს ბავშვისთვის და არა მშობლის ან მოწვეული სტუმრებისთვის. ეს არ უნდა იყოს ბავშვების წვრთნა და აღმზრდელის იდეების განხორციელება. ზოგჯერ მშობელს ჰგონია, რომ ზეიმი ეს არის საჩვენებელი გამოსვლა, თუ რა ისწავლა და რა შედეგებს მიაღწია მისმა შვილმა. საბავშვო ბაღი, ეს არ არის არც მუსიკალური, არც თეატრალური და არც ქორეოგრაფიული სტუდია, რომ ბავშვის სასიმღერო, თეატრალური, მუსიკალური ან ქორეოგრაფიული უნარები შევაფასოთ. საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის სულ სხვა უნარების განვითარებაა აუცილებელი. თუ ბავშვები დგამენ წარმოდგენას და ამისთვის ადგენენ სიუჟეტს, ინაწილებენ როლებს, ქმნიან დეკორაციას, აქსესუარებს, არჩევენ მუსიკას, ეს ნამდვილად ბავშვის უნარების განვითარებაზე მუშაობაა.
ზეიმი უნდა იყოს „დღე სასწაული“- ლამაზი გარემო, ნაცნობი სტუმრები და სტუმრები არა როგორც პასიური მაყურებლები, არამედ ზეიმის სცენარის მოქმედი გმირები, რომლებიც ცდილობენ გაართონ, გაამხიარულონ და კიდევ უფრო გაულამაზონ ეს დღე ჩვენ პატარებს,“- აცხადებენ ლიგაში.