მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რომელია პირველადი ჯანდაცვის განვითარების სამი ძირითადი მიმართულება?
ამბულატორიების ტექნიკური აღჭურვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მედიკოსთა ანაზღაურება არის პირველადი ჯანდაცვის განვითარების სამი ძირითადი მიმართულება.

რომელია პირველადი ჯანდაცვის განვითარების სამი ძირითადი მიმართულება?

განვითარებულ ქვეყნებში ჯანდაცვის სფეროში ხარჯების დაზოგვის ერთერთი აპრობირებული მეთოდი განვითარებული პირველადი ჯანდაცვა და პრევენციული მედიცინაა. ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა პრიორიტეტად პირველადი რგოლის რეფორმა.

ოჯახის ექიმი ნინო ბურჯანაძე პირველადი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის დადებით მხარეებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს რგოლი უფრო ხარჯთეფექტურია, ვიდრე ჰოსპიტალური სექტორი:

„პრევენციული მედიცინა, რასაც გულისხმობს პირველადი ჯანდაცვა, გაცილებით  იაფი უჯდება სახელმწიფოსაც და პაციენტსაც, ვიდრე შემდგომი გართულებული მდგომარეობის მკურნალობა. ამიტომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დღეს სიტუაცია ნორმალურია, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას აპირებს და ამას მხოლოდ მივესალმები“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მანვე გამოყო რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს პირველადი რგოლის რეფორმირებისას:

„რეფორმის გატარებისას დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს როგორც ამბულატორიების ტექნიკურ აღჭურვას და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მედიკოსთა ანაზღაურებას. ეს ყველა ელემენტი თანაბრად მნიშვნელოვანია და ყველა მათგანი აუცილებლად გასათვალისწინებელია“, – მიიჩნევს ნინო ბურჯანაძე.

მედიკოსი აღნიშნავს, რომ მკურნალობის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტების ხელმისაწვდომობას. ამიტომ მიაჩნია, რომ კარგი იქნება, თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტები მაინც უფასოდ გადაეცემა პაციენტებს

„მკურნალობისას, რასაკვირველია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტების ხელმისაწვდომობას. ზოგიერთი პაციენტი ყიდულობს დანიშნულ პრეპარატებს, მაგრამ ზოგიერთი ვერ ახერხებს ამას. ამიტომ, ძალიან დაეხმარება პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პირველად რგოლში თუნდაც პირველადი მოხმარების მედიკამენტების ჩართვა“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …