მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » როგორ მოვემზადოთ ვირუსების სეზონისთვის – კულუმბეგოვის რეკომენდაციები

როგორ მოვემზადოთ ვირუსების სეზონისთვის – კულუმბეგოვის რეკომენდაციები

ვირუსების სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება საკითხი, თუ როგორ მოვემზადოთ ამ პერიოდისთვის.

იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მთავარი და მნიშვნელოვანი კვებაა. მისი თქმით, უპირველესი პრიორიტეტი ბალანსირებული და ჯანსაღი საკვების მიღებაა. „ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ –  მთელ მსოფლიოს აქვს ასეთი სენი – როცა შეგვექმნება ჯანმრთელობის პრობლემა, მხოლოდ ამ დროს გვახსენდება ჯანსაღი კვება. ჯანსაღ საკვებში ვგულისხმობ ბოსტნეულს, ხილს, ასევე ცილოვან საკვებს. ასევე საჭიროა ნაჯერი ცხიმების ამოღება – შემწვარის, მოხრაკულის… მეორე ესაა ფიზიკური აქტივობა, რაც იმუნიტეტს ყველაზე მეტად „ავარჯიშებს“. შესაძლოა პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ფიზიკური აქტივობა ასევე არის ტვინის მთავარი მკვებავი. იაპონიასა და სხვა ქვეყნებში ის, რასაც სთავაზობენ მოსახლეობას, რომ ალცჰაიმერი არ განვითარდეს, სწორედ ფიზიკური აქტივობაა, რომელიც ასტიმულირებს თავის ტვინს,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, ფიზიკური აქტივობის იდეალური ხანგრძლივობა კვირაში საშუალოდ 150 წუთია, რაც შეიძლება გაკეთდეს მარტივი აქტივობის, თუნდაც ფეხით სიარულით.იმუნიტეტის გასაძლიერებლად კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად იმუნოლოგი ძილის მოწესრიგებას ასახელებს.

ვირუსების სეზონისთვის მომზადების აუცილებელ კომპონენტად კულუმბეგოვი ასევე ასახელებს გრიპის ვაქცინაციას, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებისა და ორსულებისთვის. მისი თქმით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია, ყველაზე ხშირად დეკემბერში იწყება, ამიტომ აცრის გაკეთების სასურველი ვადა, მედიკოსის განმარტებით, არაუგვიანეს ნოემბერია.

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …