მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » როგორ გეგმავს სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის განვითარებას – ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან
დღეს, ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი: გვაქვს კარგად განვითარებული კერძო და სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორი.

როგორ გეგმავს სახელმწიფო პირველადი ჯანდაცვის განვითარებას – ინტერვიუ მინისტრის მოადგილესთან

ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მომავალში ჯანდაცვის პირველად რგოლში რეფორმის გატარებას გეგმავს. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ და რატომ გახდა საჭირო პირველადი რგოლის რეფორმა, რა შეიცვლება ექიმებისთვის და პაციენტებისთვის? ამ და სხვა საკითხებზე commersant–ს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია ესაუბრა:

– რატომ გახდა საჭირო პირველადი რგოლის რეფორმა?

– ჯანდაცვა პირველადი რგოლის გარეშე გავს უსაძირკვლო სახლს, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული. პირველადი ჯანდაცვა არის ის საწყისი, საიდანაც იწყება ადამიანის მკურნალობა და არამარტო მკურნალობა, არამედ დაავადებების პრევენცია. პრევენციის გარეშე კი ჯანდაცვა წარმოუდგენელია.

დღეს, ჩვენ გვაქვს ასეთი სურათი: გვაქვს კარგად განვითარებული კერძო და სახელმწიფო ჰოსპიტალური სექტორი, მაგრამ ძალიან ცუდად განვითარებული პირველადი ჯანდაცვა. ამის გამო გვეზრდება ხარჯები, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ ხდება პრევენცია და მკურნალობის დაწყება საწყის ეტაპზე. რის შედეგადაც ვღებულობთ პაციენტებს გართულებული დაავადებების ფორმებით.

ასეთ პაციენტებს კი მართლაც სჭირდება მკურნალობა უკვე მეორე და მესამე რგოლის სამედიცინო დაწესებულებებში, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება, მთლიანობაში კი არ არის ხარჯთეფექტური. ძალიან ბევრ ქვეყანაში სადაც განავითარეს ჰოსპიტალური სექტორი და არ განავითარეს პირველადი ჯანდაცვა, უსერიოზულესი პრობლემები შეექმნათ.

თუ ადრე მოკლევადიან პროექტებს ენიჭებოდა პრიორიტეტი, ახლა გადავწყვიტეთ გრძელვადიანი ჯანდაცვის ისეთი რეფორმის გატარება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ მუდმივად რაღაცის შეცვლა არ იყოს საჭირო და ორგანიზებულად ვიმუშაოთ.

– რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება პირველადი რგოლის რეფორმის ფარგლებში?

– სამი კომპონენტი უნდა მუშაობდეს გამართულად, რომ პირველადი ჯანდაცვა თავის როლს სწორად ასრულებდეს: ვგეგმავთ ექიმებისა და ექთნების გადამზადებას, რადგან ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახის ექიმებზე. თუ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოჯახის ექიმი, იქნება საშუალება, რომ ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე და ამასთანავე ხარჯთეფექტურები ვიყოთ.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება. როგორც მოგეხსენებათ, პირველად ჯანდაცვაში ხშირად ინფრასტრუქტურა მოშლილია, პოლიკლინიკები და ლაბორატორეიბი გაყიდულია და კერძო საკუთრებაშია. ჩვენ მოგვიწევს ახალი ამბულატორიებისთვის შენობების ძიება და სათანადოდ მოწყობა. მესამე და მნიშვნელოვანი კომპონენტია ექიმების სათანადო ანაზღაურება, რადგან მიგვაჩნია, რომ ის ხელფასი, რაც დღეს მედიცინის მუშაკებს პირველ რგოლში აქვთ, არ არის საკმარისი და უნდა გაიზარდოს.

ასევე, მეტი საშუალება უნდა მივცეთ პაციენტებს, ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება. ეს გაზრდის კონკურენციას და ექიმებს მისცემს სტიმულს, რომ კვალიფიკაცია გაზარდონ, მიიღონ მეტი პაციენტი და შესაბამისად, მეტი ანაზღაურება. თუ ჩვენ ამ სამი კომპონენტის სწორად მოწყობას შევძლებთ, ჯანდაცვის სისტემა საგრძნობლად წინ წაიწევს.

– მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით რა ნაბიჯების გადადგმას აპირებთ რეფორმის ფარგლებში?

ჩვენ ვცხოვრობთ საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში. ამიტომ ბერკეტი, რომლითაც ხელისუფლება თუ ჯანდაცვის სამინისტრო შეძლებდა ფასების აწევას ან დაწევას, არ გაგვაჩნია. ფასწარმოქმნაში ჯანდაცვის სამინისტრო არ მონაწილეობს. ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ნორმალური პირობები, რომ რაც შეიძლება ბევრი კომპანია შემოვიდეს ქვეყანაში, გაჩნდეს კონკურენცია და ფასებმა დაიწიოს.

ამას ნამდვილად ვცდილობთ და ბევრი რამე ამ მიმართულებით გაკეთებულიც გვაქვს. იმედია კიდევ უფრო მეტი ფარმაცევტული კომპანია გამოჩნდება საქართველოში. ისეთი მეთოდები, როგორებიც არის ფასების შეზღუდვა, ზედა ზღვრის დაწესება – ყველა დროებითია და მიიღება ხოლმე ფორსმაჟორულ ვითარებაში. საბოლოო ჯამში კი ანადგურებს საბაზრო ეკონომიკას. ამიტომ ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვუდგებით.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …