სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ზაალ კაპანაძე მოქალაქეებს მიმართავს და რეკომენდაციას აძლევს, რათა ისინი გოგელიას კლინიკაში დაფიქსირებული ფაქტის მსგავსი თაღლითობისგან დაზღვეულები იყვნენ.
კერძოდ, ზაალ კაპანაძის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, სახელმწიფოს გარდა, კერძო სექტორსაც შემოაქვს და ლიცენზირებულ კლინიკებს მათი გაკეთების უფლება აქვთ. თუმცა, თუკი დღევანდელი ფაქტის შემდეგ, მოქალაქეებს ეჭვი გაუჩნდებათ, რამდენად აქვს კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებას ან ექიმს აცრის გაკეთების უფლება, კაპანაძე მოქალაქეებს ურჩევს, დარეკონ რეგულირების სააგენტოს ცხელ ხაზზე და კლინიკას ან ექიმის შესახებ ინფორმაცია გადაამოწმონ.
ეს ნომრებია: 1505 (ოპერატორი მოქალაქეს რეგულირების სააგენტოში გადაამისამართებს) ან (032) 251 00 11 (12-11).
შეგახსენებთ: მოქალაქეების ნაწილი აცხადებს, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში, გრიპის ვაქცინის ნაცვლად, გაურკვეველი პრეპარატი გაუკეთეს.
როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, ისინი კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათივე თქმით, ინექცია გაუკეთეს ბავშვებსაც.
პაციენტები ყვებიან, რომ მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების შემდეგ, კლინიკის წარმომადგენლებმა შენობა სასწრაფოდ დატოვეს.
მოქალაქეებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.