ახლა ვუახლოვდებით სეზონს, როდესაც გრიპის ვირუსები ცირკულაციას დაიწყებს, ამიტომ ამ პერიოდის მომზადებული უნდა დავხვდეთ.
ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არსებულ ვირუსებს შორის ყველაზე აქტიური გრიპის სამი ვირუსია, რომლებიც 5-8 კვირის განმავლობაში იქნებიან აქტიურები. ამასთან, ზახაშვილი ამბობს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველას არ ესაჭიროება და მისით იმუნიზაციის მოცვა არ არის იმდენად დიდი, როგორც სხვა, გეგმიური აცრების შემთხვევაშია.
ამასთან, ზახაშვილის რეკომენდაციაა, გრიპზე აიცრან ბავშვები მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებისთვის გრიპზე აცრას სახელმწიფო არ აფინანსებს.
განსაკუთრებულ აქცენტს კი ეპიდემიოლოგი ორსულებზე აკეთებს, რომლებისთვისაც სახელმწიფო ვაქცინას მთელი სეზონის განმავლობაში ინახავს და ექიმთან ნებისმიერი ვიზიტისას ორსულს გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციას სთავაზობენ.
სხვა რისკჯგუფებს კი ზახაშვილი ურჩევს, ვაქცინაციასთან ერთად უსაფრთხოების ზომები მაინც დაიცვან, რადგან არსებობს სხვა რესპირაციული ვირუსებიც, რომლებზეც გრიპის ვაქცინა არ მოქმედებს და ის უშუალოდ გრიპზეა მიმართული.
ხათუნა ზახაშვილი შეეხო კიდევ ერთ თემას, რომელიც გრიპით აცრილთა ინფიცირებას ეხება. მისი თქმით, ის, რომ ადამიანს რესპირაციული ვირუსები აქვს, არ ნიშნავს, რომ ის გრიპითაა დაავადებული, ვაქცინა კი, რომელიც მას გაკეთებული აქვს, მხოლოდ გრიპზე მოქმედებს და არა სხვა რომელიმე ინფექციაზე. ამასთან, აცრამ შესაძლოა ადამიანი ინფიცირებისგან ვერ დაიცვას, თუმცა მაღალი ალბათობით იცავს გართულებებისგან.
„გრიპის დიაგნოზის დასმა ძალიან რთული პროცედურაა და ვისაც ემართება რესპირაციული მწვავე ინფექცია, ეს ყოველთვის გრიპი არაა. მხოლოდ ტემპერატურის მატებით და რესპირაციული სიმპტომების გამოხატვით ნუ ჩათვლით, რომ თქვენ გრიპი დაგემართათ, თუ ეს არაა სპეციალიზებული ლაბორატორიული ტესტით დადასტურებული. კეთდება სპეციალური პისიარტესტი, რომელიც შეზღუდულად არის ხელმისაწვდომი საქართველოში და ნაკლებად ტარდება,“ – აღნიშნა ზახაშვილმა.
მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რესპირაციული ვირუსის სიმპტომატიკის შემთხვევაში, იქნება ეს გრიპი თუ სხვა ინფექცია, გადავიდნენ იზოლაციაში, რათა სხვა ადამიანები დაიცვან.
„დაავადებული ადამიანები რისკს უქმნიან ჯანმრთელ ადამიანებს და ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს რესპირაციული სიმპტომი, უნდა იყოს იზოლირებული. ეს არაა ხანგრძლივი პერიოდი. რაც უნდა ჯანმრთელი ვიყოთ, თუ გვაქვს რესპირაციული სიმპტომი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ვირუსი შესაძლოა ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ იზოლაციაში,“- განაცხადა ზახაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რისკჯგუფებში შემავალი მოქალაქეებისთვის უფასო აცრები 21 სექტემბრიდან დაიწყო. გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.