კოვიდპანდემიის აქტიური ფაზის დასრულებისა და რეგულაციების მოხსნის შემდეგ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემთხვევები გახშირდა.
ამის შესახებ დერმატოვენეროლოგმა ვახტანგ კვირკველიამ განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ადამიანებს სურთ, აინაზღაურონ ის პერიოდი, როცა არ ჰქონდათ კონტაქტები, მათ შორის სქესობრივი. მთავარი რისკი კი ისაა, რომ დაავადებებს ავრცელებენ უსიმპტომო ადამიანები. ის პაციენტები, ვისაც რაიმე სიმპტომი აქვს – მაგალითად, ტკივილი, გამონადენი, წვა, ბუნებრივია, მივლენ ექიმთან, მაგრამ ამ სახის დაავადებებს აქვთ ფარულად მიმდინარეობის თვისება, რაც ყველაზე დიდი საფრთხეა.
როგორც კვირკველიამ აღნიშნა, კოვიდის დროს ლაბორატორიები და მედპერსონალი კოვიდცენტრებზე იყო გადართული, ეს იყო მთავარი პრიორიტეტი და ამიტომ არ დარჩა ფარული დაავადებების გამოვლენის დრო.
თუმცა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არსად წასულა. შესაბამისად, ექსპერტების მოლოდინები გამართლდა და მას შემდეგ, რაც კოვიდმა აქტუალობა დაკარგა, მივიღეთ ამ სახის დაავადებების ახალი ტალღა. განსაკუთრებით საყურადღებო ჯგუფია ახალგაზრდები.
ექიმის რჩევაა, ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, რომლებსაც ჰყავდათ შემთხვევითი პარტნიორი ან პარტნიორები, მიმართონ სპეციალისტს და არ დაელოდონ სიმპტომების გამოვლენას, რადგან დაავადება შესაძლოა, წლობით ფარულად მიმდინარეობდეს და ამაში დაიკარგოს დიაგნოსტირებისთვის ძვირფასი დრო. შედეგად კი დაავადება შესაძლოა ქრონიკული გახდეს და მივიღოთ მძიმე გართულებები, რომელთა გამოსწორება რთული ან შეუძლებელია. მათ შორისაა უშვილობა და თვალის ნერვის ატროფია, რაც შესაძლოა სიფილისის შედეგი გახდეს და ის აღარ იკურნება. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში კი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება მარტივად, პენიცილინის მცირე კურსით იკურნება.
ამიტომ, ვახტანგ კვირკველია მიმართავს რისკჯგუფებში შემავალ (ანუ შემთხვევითი კონტაქტების მქონე) ადამიანებს, დროულად მიაკითხონ ექიმს, რადგან ქუჩაში მათ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს არავინ ჩაუტარებს.