მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის ჯანმრთელობა » რეფორმების კომპლექსურობა გულისხმობს მედიკამენტებზე ფასების კლებას
რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური. ეს კომპლექსურობა კი გულისხმობს მედიკამენტებზე ფასების კლებას და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას.

რეფორმების კომპლექსურობა გულისხმობს მედიკამენტებზე ფასების კლებას

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პირველადი ჯანდაცვის რეფორმას ეხმაურება. იგი საუბრობს პრევენციული მედიცინის ხარჯთეფექტურობაზე და მიიჩნევს, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა უნდა გატარდეს კომპლექსურად, რათა იყოს ეფექტური. 

„დღეს ჯანდაცვაზე გამოყოფილია ძალიან დიდი თანხა. ეს ძირითადად ეხება ოპერაციულ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევებს. ამაზე სახელმწიფო ხარჯავს ძალიან ბევრ ფულს.

თუ სახელმწიფო წავა პროგრესული გზით, დააფინანსებს ამბულატორიულ კვლევებს და პაციენტისათვის ადრეულ სტადიაზევე გახდება შესაძლებელი დაავადების აღმოჩენა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოუწევს კვლევის მინიმალური ხარჯების გადახდა და არა შემდგომში გართულებული დაავადების მკურნალობის. ეს იქნება შვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე – მოქალაქისათვის.  

რასაკვირველია, მომხრე ვარ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისა და იმის, რომ ოპერაციები უნდა დაფინანსდეს. თუმცა, როდესაც ადამიანს 40 წლის ასაკში ოპერაცია მხოლოდ იმიტომ სჭირდება, რომ ათი წლის მანძილზე არ იცოდა კუჭის წყლულის არსებობის შესახებ, ეს უკვე სახელმწიფოს ბრალია, რადგან მისი ვალია, რომ იზრუნოს მოქალაქის ჯანმრთელობაზე“, – მიაჩნია ხატიაშვილს.

„მე, როგორც იურისტი და არა როგორც მედიცინის მუშაკი, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს ურჩევნია დააფინანსოს პროფილაქტიკური მედიცინა, პირველადი დახმარება, გარკვეული კვლევები იყოს რაღაც ეტაპზე უფასო, ეს იქნება ორჯერ იაფი, ვიდრე სახელმწიფოს დაუჯდება შემდგომში ამ ადამიანის მკურნალობა ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

მაგალითისათვის, არსებობს სკრინინგ პროგრამები მკერდის კიბოს გამოსავლენად, სადაც გამოკვლევები არის უფასო. ამან გამოიღო შედეგი, რომ, როგორც ვიცი, ამ დაავადებათა რაოდენობამ იკლო, რადგან პირველ ან მეორე სტადიაზე აღმოჩენილი სიმსივნე განკურნებადია. მსგავსად რომ დაფინანსდეს სხვადასხვა, შედარებით მეტი რისკის მქონე დაავადებებების კვლევები, ეს გაცილებით ნაკლები დაჯდება. ამიტომ, მე მივესალმები დავით სერგეენკოს ახალ წამოწყებას“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი. 

მისი თქმით, ზოგადად, როდესაც რეფორმაზეა საუბარი, ის უნდა იყოს კომპლექსური. ეს კომპლექსურობა კი გულისხმობს მედიკამენტებზე ფასების კლებას და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას. „მიმაჩნია, რომ გარკვეული ფენისათვის წელიწადში ერთხელ უფასო უნდა იყოს გამოკვლევები, ანუ ყურადღება მიექცეს იმ ორგანოების გადაღებას, რომელზედაც პროცენტულად ყველაზე ხშირად ტარდება ოპერაციები. ის თანხა, რომელიც ერთი ადამიანის ოპერაცია ჯდება, ორმოცდაათ პაციენტს ეყოფა, თუ საწყის სტადიაზე მოხდა დაავადების აღმოჩენა.

თუ ამ მიმართულებით არ გატარდა რეფორმა და მხოლოდ ამბულატორიების მოწესრიგებითა და ექიმების გადამზადებით შემოიფარგლებიან, ეს იქნება მხოლოდ რეფორმა რეფორმისათვის.

რაც შეეხება მედიკამენტების ფასებს, მოგეხსენებათ, აქ არის მონოპოლია. საქართველოში წამლები არ იწარმოება, ბაზარზე კი არის სამი ძირითადი მოთამაშე, გიგანტები, რომელთაც აწყობთ და ინტერესი აქვთ, რომ წამლებზე ფასი იყოს მაღალი. კომპლექსური რეფორმა გულისხმობს, რომ რომ ეს კომპანიები გაკონტროლდეს და ისინი გარკვეულ თამაშის წესებს დაემორჩილონ. თუ ამ ყველაფერს შეძლებს ბატონი სერგეენკო, ეს იქნება ძალიან კარგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვთქვი, რეფორმა იქნება მხოლოდ რეფორმისთვის“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

info9.ge

იხილეთ ასევე

ექიმები და პაციენტები ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ

21 მაისს, 10:00 საათზე სასტუმრო „ჰილტონგარდენში“ (მის: ილ.ჭავჭავაძის პრ #64ა) პაციენტთა კოალიცია „ევროპა დონა საქართველოსა“ …