აღსაზრდელებსა და პერსონალს შორის კოვიდ-ინფექციის დადასტურების გამო თბილისში 20-მდე საბავშვო ბაღია დახურული. ისინი სასწავლო პროცესს 2 კვირაში დაუბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღების შემთხვევაში, კოვიდინფექციის თუნდაც ერთი ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დროებით იხურება მთელი ბაღი, სკოლებში კი გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება – შესაძლოა, დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ცალკე კლასი გადავიდეს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე, მშობლის სურვილით 28977 მოსწავლე იმყოფება, წინა კვირაში ეს მაჩენებელი 23994 იყო. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრიდან სკოლებსა და ბაღებში სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი რეალურ სივრცეში განახლდა, თუმცა სკოლების მოსწავლეების მშობლებს აქვთ უფლება, დისტანციური სწავლება აირჩიონ, ამისთვის მათ შეუძლიათ, სპეციალური ელექტრონული განაცხადი ყოველ ხუთშაბათს შეავსონ.
რატომაა განსხვავებული რეგულაციები ბაღებთან და სკოლებთან მიმართებაში? ეპიდემიოლოგების განმარტებით, ბაღში ბავშვებს შორის ინფექციის გადადების რისკები გაცილებით დიდია, ვიდრე სკოლაში, რადგან ბაღში ბავშვები იმყოფებიან პირბადის გარეშე, ერთად თამაშობენ, გადიან მუსიკის გაკვეთილზე, ჭამენ საჭმელს, ერთი ფსიქოლოგი, ლოგიპედი და სპეცპედაგოგი დადის სხვადასხვა ჯგუფში. სკოლებში კი მოსწავლეებს უკვე პირველი კლასიდან აქვთ პირბადის ტარების ვალდებულება, სხედან ინდივიდუალურ მერხებზე, ამასთან, სკოლების ნაწილში რეკომენდაციაა, ბავშვებმა არ წაიღონ საკვები, რადგან სკოლებში ბავშვებს არ უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ყოფნა.
კოვიდ-19-ის რამდენი შემთხვევაა დადასტურებული სკოლებში, ამის შესახებ სტატისტიკა ამ ეტაპზე არ არსებობს და მას განათლების სამინისტრო, სავარაუდოდ, ორშაბათს გამოაქვეყნებს.